1-ლ მარტს ქუთაისის “ტორპედო” გორის “დილას” უნდა
დაუპირისპირდეს. მესამე დღეა გუნდმა ვარჯიში განაახლა. კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა, ამ ეტაპზე გუნდი სრულად არ დაკომპლექტებულა. “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი მიხეილ აშვეთია ამბობს, რომ ვარჯიშის პირველი დღეები ნაყოფიერი იყო, თუმცა, გუნდის ფორმაში ყოფნაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია.
“მესამე დღეა ვვარჯიშობთ. რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ, თუმცა, გუნდი ჯერ დაკომპლექტებული არ არის. ფორმაში ყოფნაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ყველაფერი თითქმის ნულიდანაა დასაწყები. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ეს ყველამ იცის. ჩვენ ყოლა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ პირველი მარტისთვის მოვემზადოთ. ქუთაისის გულშემატკივარს ყოველთვის მოგება უნდა და ვეცდებით, რომ მოვიგოთ,”-აცხადებს მიხეილ აშვეთია.
გუნდში ამ ეტაპზე 18 ფეხბურთელია. მოლაპარაკებები მიმდინარეობს უცხოელი ფეხბურთელების ჩამოსაყვანად.
რამდენიმე თვის განმავლობაში “ტორპედოში” ფინანსური კრიზისი იყო. გუნდი ფეხბურთელებმა დატოვეს. საფეხბურთო კლუბში ინვესტიცია იტალიელმა ინვესტორმა ფაბიო მანინომ ჩადო. პირველ ეტაპზე, ის ფეხბურთელებისა და ადმინისტრაციული პერსონალის დავალიანებას გადაიხდის.