საქართველოს თასის ნახევარფინალში ,,საბურთალოსთან”,,ტორპედოს” ძირითადი გუნდი ითამაშებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ,,ტორპედოს” გულშემატკივრები ავრცელებენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ფეხბურთელებს შეხვდნენ და მატჩზე გასვლა სთხოვეს.
,,სრულად ვიზიარებთ ფეხბურთელთა პოზიციას. გვესმის, რომ რთულია ფეხბურთზე იფიქრო, როცა მოედანს იქით მილიონი პრობლემაა… ამიტომ ამ საკითხში ტორპედოელებს გვერდით დავუდექით!
თუმცა ხვალ სეზონის მატჩია. ხვალინდელმა დღემ, შესაძლოა, კლუბის მომავალი რადიკალურად შეცვალოს. ამიტომ ფანები შევხვდით ფეხბურთელებს, ვისაუბრეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ კლუბს ჩვენს მეტი პატრონი არ ჰყავს… ისევ ჩვენი, ფანების, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების გადასარჩენია გუნდი.
მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კლუბში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, ფეხბურთელებმა მაინც გაითვალისწინეს ფანების თხოვნა და ხვალ, სეზონის მნიშვნელოვან მატჩში მოედანზე სათამაშოდ მთავარი გუნდი გავა.”- წერია ფანკლუბის მიერი გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, ,,ტორპედოს” მეკარე როინ კვასხვაძე ვერ დაეხმარება, რადგან მას ტრამვა აქვს.
საქართველოს თასის ნახევარფინალში “ტორპედო” დღეს, 23 ოქტომბერს, “საბურთალოს” მიხეილ მესხის სტადიონზე 14:30 საათზე დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, პირველ მატჩში, რომელიც 19 ოქტომბერს წყალტუბოში გაიმართა, ,,საბურთალოსთან” ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებმა ითამაშეს. მატჩი 2:0 ,,საბურთალოს” სასარგებლოდ დასრულდა.
შეგახსენებთ, ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს. მიზეზი ,,ტორპედოში” შექმნილი ფინანსური პრობლემებია. უხელფასოდ დარჩენილ ფეხბურთელებს თავის რჩენა არ შეუძლიათ, რის გამოც იძულებული გახდნენ ვარჯიში შეეწყვიტათ.
გუნდში თვეებია უკვე ფინანსური პრობლემებია, რაც გულშემატკივრებმა არაერთხელ გააპროტესტეს.
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას მიმართ სასამართლო დავა დაიწყო. თვითმმართველობამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 11 სექტემბერს შეიტანა.