ქუთაისის “ტორპედო” ევროპალიგის მესამე
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს თბილისში გამართავს. სტადიონის შეუსაბამო მდგომარეობის გამო, მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” პასუხისმგებოლას მომხდარზე ქუთაისის მერიას აკისრებენ.
“იგივე საკითხი დავსვი ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც გამოვთქვი შეშფოთება, რომ შესაძლოა სტადიონის მდგომარეობის გამო “ქუთაისის ტორპედოს” ყველა მატჩი საკუთარ სტადიონზე ვერ ეთამაშა, რაზეც “ქართული ოცნება” მიმტკიცებდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და “ტორპედო” ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა საშინაო მატჩს ქუთაისში ჩაატარებდა. სამწუხაროდ, ჩვენი შიში გამართლდა და ქუთაისის მერიის დაუდევრობით და სტადიონის მოუვლელობის გამო, ტორპედოს “კუკეშთან” მატჩის ჩატარება თბილისში მოუწევს. უამრავი გულშემატკივარი კი ამ მატჩს მხოლოდ ტელევიზორიდან ნახავს”- აცხადებს საკრებულოს დეპუტატი “ერთიანი ნაციონაკური მოძრაობიდან” გიგა შუშანია.
დეპუტატი იმ დოკუმენტებს ასაჯაროვებს, რომის იხედვითაც საკვალიფიკაციო ეტაპების ჩასატარებლად სტადიონის ადმინისტრაცია ინფრასტრუქტურის გასამართავად ფინანსურ დახმარებას ქუთაისის მერიას სთხოვს. დოკუმენტებში საუბარია პირველ და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.
“ვაქვეყნებ სტადიონის დირექციის 4 წერილის ასლს, სადაც ისინი პირველი იანვრიდან აფრთხილებდნენ ქუთაისის მერიას ამ საშიშროების შესახებ, ხოლო მერიამ მხოლოდ ზედაპირული სამუშაოები ჩაატარა. სტადიონის ხელმძღვანელობის მოთხოვნილი ხარჯთაღრიცხვები მერიამ დაგვიმალა და არ მოგავწოდა”,- ამბობს გიგა შუშანია.
პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპებისათვის მოედანზე ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილი მართლაც მოწესრიგდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპისათვის სტადიონი სტადარტებს ისევ არ აკმაყოფილებს. 9 აგვისტოს “ტორპედო” “კუკეშის” პირველი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.