საქართველოში ჯუნიორ NBA – GBF ლიგის მორიგი,
მე-3 სეზონი იწყება. ტურნირი, რომელშიც 11-12 წლის ასაკის მოზარდი კალათბურთელები მონაწილეობენ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან და აშშ-ის საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობით, ასევე კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით და ფედერაციის სპონსორების მხარდაჭერით ტარდება.
როგორც რადიო “ძველ ქალაქს” აცობეს, 15 მაისს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ლიგის კენჭისყრის ცერემონიას უმასპინძლა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30 გუნდს, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპზე შეირჩნენ, NBA-ის მონაწილე გუნდების სახელები მიენიჭა, შედეგად კი გუნდები საქართველოს ქალაქების მიხედვით 6 დივიზიონში გადანაწილდნენ.
დივიზიონების მატჩებს თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, ბათუმი და ქუთაისი მაისისა და ივნისის თვეში უმასპინძლებენ, ფინალური ეტაპი კი ივნისის მიწურულს თბილისში გაიმართება.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და თბილისის მერიის წარმომადგენლებმა, სახელოვანმა ქართველმა კალათბურთელებმა, მწვრთნელებმა, ეროვნული ნაკრების წევრებმა და ვეტერანებმა, ამერიკის საზღვაო ქვეითმა სერჟანტებმა, სპორტულმა ჟურნალისტებმა, მსახიობებმა, კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
ჯუნიორ NBA ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამაა, რომელშიც 34 ქვეყნიდან 7 მილიონი ახალგაზრდა კალათბურთელი მონაწილეობს.
საქართველოში პროექტი უკვე მესამედ ხორციელდება და ჯამში ჯუნიორ NBA – GBF ლიგაში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 70-მდე გუნდის 1000-მდე მონაწილეა ჩართული.