ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით,
2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის – ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია თბილისში 7 მაისს გაიმართა.
ასევე თბილისში დაჯილდოვდა 2017 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი, რომელმაც წლის საუკეთესო ძალოსანი ქალის სტატუსი უკვე მეორედ მოიპოვა.
ცერემონიაზე დასასწრებად ლიდია ვალენტინი ესპანეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტთან, კონსტანტინო იგლესიასთან ერთად თბილისში ჩამოვიდა. დაჯილდოვებაზე იმყოფბოდა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაცია პრეზიდენტ ტომაშ აიანის ხელმძღვანელობით.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, ლაშა ტალახაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
“მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ლაშას იმ უდიდესი ძალისხმევისთვის რომელსაც ის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ იჩენს. მინდა ვუსურვო წარმატებები მომავალში. დარწმუნებული ვარ, მისი სპორტული კარიერა მომავალში კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება. მინდა განსაკუთრებით მივესალმო ქალბატონ ლიდია ვალენტინს, რომელიც 2017 წლის საუკეთესო ქალ ძალოსან სპორტსმენად აღიარეს. ვულოცავ ესპანეთის ძალოსნობის ფედერაციას. ძალოსნობა საქართველოში ნამდვილად აღმავლობის გზაზე არის. ეს როგორც ფედერაციის, მწვრთნელების, სპორტსმენების მუშაობის, ასევე მთავრობის ძალიან აქტიური მხარდაჭერის შედეგია. “- მიმართა სტუმრებს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ძალოსნობის ფედერაციას, რომ საქართველოს შეირჩა ღონისძიების ჩატარების ადგილას. საუკეთესო ძალოსნის ტიტულის მოპოვება მან ლაშა ტალახაძეს და ლიდია ვალენტინს მიულოცა.
“2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად ჩვენი სახელოვანი ქართველი სპორტსმენის დასახელება არის ჩვენთვის, ყველასთვის უდიდესი სიხარული. 9 ათას 804 ხმა , ეს მართლაც რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც მსოფლიო ძალოსნობის ფედერაციის გამოკითხვის შედეგად მიიღო ლაშა ტალახაძემ და ჩვენ ყველა ამაყი ვართ. მინდა მივულოცო ეს ძალიან საპატიო ტიტული. ევროპის, მსოფლიოს, ოლიმპურ ჩემპიონს, მრავალგზის რეკორდსმენს და ასევე მინდა მთელი სულითა და გულით მივულოცო ქალბატონ ლიდია ვალენტინს, ესპანეთის წარმომადგენელს, უკვე მეორედ ამ ძალიან საპატიო ტიტულის მინიჭება და მივულოცო ჩვენს მეგობარ ესპანელ ხალხს, ესპანეთის ძალოსნობის ფედერაციას. ” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
“თითოეულ თქვენგანს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ჩემთან ერთად რომ იზიარებთ მნიშვნელოვან წუთებს. არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ის ადამიანები ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში. ლიდიას ვულოცავ ამ დიდ წარმატებას. ბატონ ტომაშ აიანის, მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს დიდ მადლობას ვუხდი თავის გუნდთან ერთად, რომ დღეს ჩვენთან ერთადაა. ჩემზე რაც არის დამოკიდებული ყველაფერს გავაკეთებ. შევეცდები კიდევ ერთხელ გაგახაროთ და დიდი სიხარული მოვუტანო ჩვენს საქართველოს”,- განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი დაჯილდოების ცერემონია საქართველოში პირველად ჩატარდა. აქამდე სპორტის არცერთ სახეობაში საერთაშორისო ფედერაციას, წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში არ ჩაუტარებია. ასევე პირველად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, გამარჯვება ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა.