ქუთაისში ახალი საცურაო კომპლექსის ასაშენებლად ტერიტორიის შერჩევა დაიწყეს.
როგორც ქუთაისის მერიის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: ქუთაისის მერმა – შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ – დავით დვალმა, რომელიც ამავდროულად, იმერეთში სპორტის საწყლოსნო სახეობების ფედერაციის პრეზიდენტია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სპორტის საწყლოსნო სახეობათა საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს – დათო რურუას, წყალბურთში სპორტის დამსახურებულ ოსტატს, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორს – მიხეილ გიორგაძეს და აღნიშნული ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე ქუთაისში მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის მშენებლობაზე ისაუბრეს, სადაც განთავსებული იქნება რამოდენიმე დახურული აუზი. განიხილეს აღნიშნული კომპლექსის ლოკაციის შესაძლო ვარიანტები. შეხვედრის შემდეგ მოხდა აღნიშნული ლოკაციების ადგილზე დათვალიერება. ეროვნული ფედერაციის და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საამშენებლო სივრცეების უპირატესი და ნაკლოვანი მხარეები ადგილზე განიხილეს და პოზიციები შეაჯერეს.
“ქუთაისში საწყლოსნო კომპლექსის მშენებლობის დაწყება 2017 წლისათვის არის დაგეგმილი, ხოლო საპროექტო სამუშაოების კონკურსი უკვე მიმდინარე წელს ჩატარდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხორციელებული საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე” – აღნიშნულია ინფორმაციაში.