ქუთაისში კულტურული მომკვიდრეობის ძეგლის „ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კეთილმოწყობის სამუშაოები სამშენებლო კომპანია „ივერთმშენმა“ 955 555 ლარად უნდა შეასრულოს და 2023 წლის 30 დეკემბრამდე დაასრულოს.
პროექტის მიხედვით, რომელიც შპს „მნ-პროექტმა“ მოამზადა, სახლის ისტორიული იერსახე მაქსიმალურად შენარჩუნდება. ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილის დასკვნა-რეკომენდაციის მიხედვით, მთლიანად უნდა გამოიცვალოს გადახურვა, კედლებს მოეხსნას ნალესი და დარჩეს რიყის ქვით ნაშენი ავთენტური კედლები. რეაბილიტაციასთან ერთად, გათვალისწინებულია ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობაც.
„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქციის პროექტს, მოქალაქეები არაერთგვაროვნად აფასებენ.
“საინფორმაციო დაფაზე დაპროექტებული მარანი უნდა აშენდეს ოქროს ჩარდახის ნაცვლად? ვინაც ეს პროექტი მოიწონა და დაამტკიცა, არ გაუკვირდეს, რომ წლების მერე ჯიგარმა ქუთაისელმა ქუჩაში პანჩური ამოარტყას, წინადადებით “ვინც შენ ქუთაისელობა დაგაბრალა”. ქუთაისის დამახინჯებას არ გაპატიებთ ქუთაისი, ამ ქალაქს დიდი ენერგია აქვს და აუცილებლად მოგიბრუნდებათ უკან ეს სიმახინჯე”, – ამბობს ზალიკო კუხიანიძე.
იმერეთის მეფეთა სასახლის რეაბილიტაციისთვის მერიამ ელექტრონული ტენდერი [NAT220027710] 2022 წლის დეკემბერში გამოაცხადა, პროექტის შედგენაზე კი დაახლოებით ერთი წლის წინ.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ოთხ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო: კვლევითი სამუშაოების ჩატარება, რეაბილიტაციის პროექტის მომზადება, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტის ზედამხედველობა.