ქუთაისში, ინტენსიური თოვა უკვე ორი დღეა პრობლემებს ქმნის. ქალაქში რიგ უბნებში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. გარდა ამისა, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
,,ნიკეას ქუჩაზე ვცხოვრობ, მეორე დღეა ტრანსპორტი არ მოძრაობს და სამსახურში ოჯახის მანქანით მიწევს წასვლა, რაც საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული. გაჩერებაზე უამრავი ადამიანი იდგა და ამაოდ ელოდა ტრანსპორტს. ხალხი მძიმე მდგომარეობაში ვართ. თითქმის ყოველ ზამთარს ეგრე ხდება, მცირე თოვლიც საკმარისია, რომ მოძრაობა შეფერხდეს. ’’-ამბობს ნიკეას ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და ყველა ავტობუსი შეუფერხებლად მოძრაობს. მათი თქმით, ინტენსიური თოვის გამო გუშინ და დღეს, დილით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მათი ყველა ავტობუსი ჯიპიეს სისტემითაა აღჭურვილი და ამ დროისთვის მათი შეუფერხებელი მოძრაობა ფიქსირდება.
ქუთაისის ააიპ ,,სპეციალურ სერვისებში” კი ამბობენ, რომ ქალაქის ქუჩების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.