ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის ქალაქ დნიპროს დასახმარებლად ერთიანდება.
დნიპროს მოსახლეობისთვის ფულადი დახმარების გაწევის მიზნით იწყება კამპანია, რომლის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეეძლება თანხა მითითებულ ანგარიშზე დარიცხოს. სპეციალურად დნიპროს დასახმარებლად ასევე შექმნილია ფეისბუქჯგუფი ,,ქუთაისი დნიპროსთვის”.
,,დნიპროს მერის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო სექტორმა გაერთიანების გადაწყვეტილება მივიღეთ. გვინდა ჩვენი რესურსებით დნიპროს მოსახლეობას დავეხმაროთ. გუშინ გვქონდა კომუნიკაცია დნიპროში და გამოიკვეთა, რომ მათ ფინანსური დახმარება სჭირდებათ. იმედი მაქვს, ამ ყველაფერში საზოგადოების ჩართულობა მაღალი იქნება,”-ამბობს ჯგუფის ,,ქუთაისი დნიპროსთვის” დამფუძნებელი ქეთი დეისაძე.
,,გზავნილი, რომელიც დნიპროს მერმა ქუთაისს გამოუგზავნა, ყველა ჩვენგანის გულზე გადის, რადგან ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება ერთი წელია ვცდილობთ ქუთაისში მცხოვრები უკრაინელების დახმარებას, ჩვენი შესაძლსბლობების ფარგლებში. ვცდილობთ, ყველა უკრაინელს დავუჭიროთ მხარი. მზად ვართ ორგანიზება გავუწიოთ ამ გამჭვირვალე კამპანიას,”-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე.
14 იანვარს დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 4 ბავშვი, დაშავდა 75 ადამიანი.
20 იანვარს დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა ,,ფორმულასთან’’ ინტერვიუში განაცხადა, რომ დახმარებას იღებს დაძმობილებული ქალაქებისგან, მაგრამ მათ რიცხვში არ არის ქუთაისი.