იმერეთში ოთხდღიანი სტიქიის შედეგად 1145 შენობა დაზიანდა, ზარალმა ჯამში 8 100 000 ლარი შეადგინა.
იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მოქალაქეებს ზარალი აუნაზღაურდებათ. მისი თქმით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
,,პირველადი მონაცემებით ზარალი დათვლილი გვაქვს და შეადგენს 8 100 000 ლარს, თუმცა ზარალის რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიძლება ისევ გაიზარდოს. სახელმწიფო რა თქმა უნდა მყისიერად რეაგირებს ამ მიმართულებით და ჩვენ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ გარკვეული მიმართულებით ზარალის ანაზღაურება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა ის შენობა, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა არ იქნება დახურული,“ – განაცხადა მედიასთან საუბრისას ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთში 4 დღის განმავლობაში არსებულმა სტიქიამ პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა სახლები, ასევე პრობლემები შექმნა წყალმომარაგების, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც.