იმერეთში უკვე ორი დღეა სტიქიას ებრძვიან.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში. 11 იანვარს, სტიქიის შედეგად დაზიანდა 10-მდე ავტომობილი, ხოლო 70-მდე სახლს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. ხის წაქცევის შედეგად ვანის მუნიციპალიტეტში 2 ადამიანი დაშავდა. წყალტუბოს რაიონში გაჩნდა ხანძარიც, ხოლო ვარციხეში დაზიანდა სათბურები. რიგ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია არ მიეწოდება. იმერეთის გუბერნატორის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა აღმოიფხვრას პრობლემა.
,,ჩვენი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, გუშინ ქარმა 70-მდე სახლს სახურავი გადახადა. რიგ მუნიციპალიტეტებში ბევრი აბონენტი წყლის, გაზის და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მიმდინარეობს ყველა მიმართულებით მუშაობა, ჩართულია ყველა სამსახური, როგორც საგანგებო, ასევე ,,ენერგოპრო’’ და ,,სოკარი’’. ვცდილობთ მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ ის პრობლემა, რაც ჩვენ წინაშე დგას. პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის დათვლა, თუმცა ზუსტ ციფრებს ახლა ვერ გეტყვით,’-ამბობს იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.