გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-12 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი (32-34 მ/წმ).
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.
მათივე ინფორმაციით, 10-11 იანვარს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე დაიწევს.
ქუთაისის მერიის ააიპ ,,სპეციალურ სერვისებში’’ რადიო ,,ძველ ქალაქს” უთხრეს, რომ მოსალოდნელი გრიგალისა და თოვლის შესახებ საქმის კურსში არიან და მზად აქვთ ყველა საჭირო ტექნიკა.
,,სპეციალური სერვისები ამინდის გაუარესებასთან ერთად მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლას იწყებს. ჩვენ, ზოგადად, ზამთრის დასაწყისში ვიწყებთ ტექნიკური თვალსაზრისით გადაიარაღებას. ბოლო სამი დღის განმავლობაში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი და ამ თვალსაზრისითაც, დავიწყეთ შრომითი რესურსის მობილიზება, ტექნიკა მზადაა, გვაქვს მარილი და ინერტული მასალა. გრიგალის შემთხვევაში სამუშაოებს ვახორციელებთ იმ შემთხვევაში, თუ ხეები დაეცემა. ვიწყებთ ხეების გატანას და დასაწყობებას, ასე რომ, პროგნოზიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ,’’-ამბობს ააიპ ,,სპეციალური სერვისების’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი მჟავანაძე.