2023 წლის 1-ლი იანვრიდან ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, თვეში საშუალოდ 1 260 ლარით, ექთნების კი საათში 4.4 ლარით – თვეში საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება.
ახალი რეფორმის თანახმად, პირველი იანვრიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკას უჩნდება ვალდებულება, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, სამინისტროს მიერ წარდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ამჟამად 9 ათასამდე ექიმი იღებს მინიმალურ ანაზღაურებაზე ნაკლებ ხელფასს და ექთნების შემთხვევაში ეს რაოდენობა დაახლოებით 8 ათასზე მეტია.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება წლების განმავლობაში მზარდი იქნება და 2025 წლისთვის ექიმისთვის 9 ლარით, ხოლო ექთნისთვის – 5,6 ლარით განისაზღვრება.