ქუთაისში, მუნიციპალურ ტრანსპორტზე ტარიფების შესაძლო გაძვირების შესახებ დღეს მედიასთან კომენტარები გააკეთეს ქუთაისის საკრებულოს როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა.
აღნიშნული საკითხი ქუთაისის საკრებულომ გუშინ განიხილა და ფასის ზრდა დროებით შეაჩერა. ,,ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, საკითხის უკან გაწვევით მმართველმა გუნდმა საზოგადოების რეაქცია დატესტა. მათი თქმით, ,,ქართული ოცნება” ცდილობს საზოგადოებას შეაჩვიოს აზრი, რომ მგზავრობის ღირებულება უნდა გაიზარდოს, რაც მათი შეფასებით, აუცილებლად მოხდება.
,,მმართველმა გუნდმა კომისიის სხდომაზე ნახა, რომ მგზავრობის ტარიფის ზრდაზე საუბარმა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და საკითხი დროებით გაიწვია. აქ მხოლოდ ტრასპორტზე არ იყო საუბარი, საუბარი იყო, ასევე, პარკინნსერვისის გადასახადის ზრდაზე, ისიც 100%-იანი. დატესტეს ხალხის რეაქცია, მიიღეს უარყოფითი შედეგი და საკითხის განხილვა დროებით შეაჩერეს. დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ფასების ზდრის შემთხვევაში მოხდება მგზავრების ნაწილის სუბსიდირება. მინდა ბატონ ირაკლი შენგელიას შევახსენო: ბიუჯეტი ივსება ჩვენი გადასახადებით და ამ ადამიანებს სუბსიდირებაზე დამადლება არ სჭირდებათ. ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აქვს და გაზრდილი გადასახადი მძიმედ დააწვებათ,”-ამბობს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ქუთაისის საკრებულოში გიორგი კილაძე.
,,ჩვენ გვაქვს ერთი ფაქტობრივი გარემოება და უტყუარი მოცემულობა: სატრანსპორტო კომპანიას ესაჭიროება თანხა, საწვავისთვის, ხელფასებისთვის, ავტომობილებისთვის…ეს არის თანხა, რომლის გარეშეც კომპანია ვერ იარსებებს. ამ გარემოებას გვერდს ვერ ავუვლით. არსებობს 3 ვარიანტი: პირველი – ამოვიღოთ გადამხდელების ჯიბიდან, მეწარმეებისა და იმათი ჯიბიდან, ვინც შედარებით გადახდისუნარიანია და დავაფინანსოთ ბიუჯეტიდან, მეორე – ამოვიღოთ ყველა მგზავრის ჯიბიდან, რაც მტკივნეული პროცესია; მესამე – გამოვაცხადოთ ტენდერი, გავასხვისოთ კომპანია და ტენდერში გამარჯვებულს დაეკისროს ვალდებულება უზრუნველყოს ქუთაისელების კომფორტული მგზავრობა. საჭიროა ვისაუბროთ გამოსავლის პოვნაზე. ჩვენ, ყველამ უნდა მოვძებნოთ გზა, რომელიც მიგვიყვანს კონკრეტულ შედეგამდე,”-აცხადებს ,,სტრაგეტია აღმაშენებლის” დეპუტატი კობა გურული.
მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. იმსჯელებენ მოქალქეების ინტერესებზე, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის შეღავათებზე და გადაწყვეტილებაც შემდეგ გახდება ცნობილი.
,, ჯერ არ ვსაუბრობთ კონკრეტულ ტარიფზე. მაშინ, როცა ამ საკითხის ინიციატორი გახდა აღმასრულებელი რგოლი, ჩვენ მასთან შეთანხმებით, დამატებითი შესწავლის მიზნით, შევაჩერეთ საკითხის განხილვა. მანამ სანამ არ მოხდება ფინანსური ანალიზის წარმოდგენა, ტარიფი არ გაიზრდება. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ. დღეს მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეაღავათებით 30 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს. საკითხის გადაწყვეტილების დროს მუნიციპალიტეტი სწორედ მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს. მივიღებთ ისეთი ტიპის გადაწტყვეტილებას, რომელშიც მოქალქეების ინტერესი გათვალისწნებული იქნება. პროცესი საჯარო იქნება. მაშინ, როცა მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და 30 ათას მოქალაქეს მუნიციპალურ ტრანსპორტზე ტარიფები შეუმცირდა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. აქედან გამომდინარე, დღეს მათი მხრიდა მოქლაქეების ინერესებზე აპელირება ჩემთვის მიუღებელია,”-ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.
ამ ეტაპზე ქუთაისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულება 40 თეთრს შეადგენს.