მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის პროკურორი ამბობს, რომ ბრალდების მხარე მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება არ ეთანხმება და მას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ე.წ. ავტომობილის ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც 3 წლითა და 6 თვით პატიმრობას გულისხმობდა, ბრალის მეორე ნაწილში სასამართლომ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და გვარამიას ბრალი დაუმძიმა კომპანიისთვის ზიანის მიყენების ნაწილში – სასამართლომ 50 000 ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეცვალა.

რაც შეეხება მესამე ნაწილს, რომელიც გულისხმობს მოსყიდვას იმ პირის მიერ, რომელიც ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას [სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილი] და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლომ აქაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაიზიარა და ნიკა გვარამია გაამართლა.

სწორედ ამ ნაწილს არ ეთანხმება პროკურატურა და ამბობს, რომ ამ ბრალდების “უტყუარი მტკიცებულებები” არსებობს, რომელსაც უზენაეს სასამართლოში წარადგენენ.

გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს დაცვის მხარეც. ისინი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *