ქუთაისში „მამების სკოლა“ მსურველების ახალი ნაკადის მიღებას აცხადებს.

„მამების სკოლა“ 5 ნოემბერს დაიწყება და ის ცხრა ძირითადად სესიას მოიცავს.

სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში
გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან სამ წლამდე ბავშვის
მამაა. თითოეული სესიის ხანგრძლივობა ორი საათია. საგანგებოდ შემუშავებული
მოდულის საშუალებით, მამები მიიღებენ ცოდნასა და ინფორმაციას ისეთ
მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

● როგორ შევარჩიოთ შვილის ყოლისთვის სასურველი დრო;
● როგორ დავუჭიროთ მხარი პარტნიორს ორსულობისა და ბავშვის დაბადების
დროს;
● როგორ გავინაწილოთ საოჯახო შრომა;
● როგორ ავარჩიოთ ბავშვის აღზრდის მეთოდები;
● როგორ დავიცვათ შვილი ძალადობისგან;
● როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში;
● რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორი პარტნიორობა.

ასევე, „მამების სკოლის“ ფარგლებში დაგეგმილია დისტანციური შეხვედრები
პროფესიონალებთან, რომლებიც სკოლის მონაწილეებს გაუზიარებენ
მნიშვნელოვან ცოდნას ბავშვის აღზრდასა და განვითარებასთან დაკავშირებით.
მამებს საშუალება ექნებათ, კითხვები დაუსვან პედიატრებს, გინეკოლოგებს,
ბავშვთა ფსიქოლოგებს და სხვა სპეციალისტებს.

სკოლაში 20 ვაკანტური ადგილია და სწავლა უფასოა. დაინტერესებულ პირებს
რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზე, 31 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

,,მამების სკოლა’’ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო
ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“
ფარგლებში მოეწყობა.

„მამების სკოლა“ 2021 წელს გაიხსნა თბილისსა და ქუთაისში. მისი მიზანია, ხელი
შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ
უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. „მამების სკოლის”
პროგრამა ასევე დაეხმარება კაცებს მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის,
ასევე იმ სტერეოტიპებისა და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც
არსებითი თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს.

„მამების სკოლის“ პარტნიორი ქუთაისში კვლავ კლინიკა „ჰერაა“ და
გაკვეთილებიც სწორედ ამ კლინიკაში ჩატარდება. არაერთი კვლევით
დასტურდება, რომ ბავშვები, რომელთა მამებიც აქტიურად არიან ჩართული
შვილებზე ზრუნვასა და მათ აღზრდაში, გაცილებით ბედნიერებად გრძნობენ
თავს, გამოირჩევიან ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობით, მაღალი
თვითშეფასებით და აკადემიური მიღწევებით,
უკეთესი სოციალური უნარებით, ნაკლები ქცევითი პრობლემითა და
სტრესისადმი გაზრდილი მედეგობით.

„მამების სკოლა“ დაფუძნდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული
თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული
ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს
მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ,
ევროკავშირის მხარდაჭერით.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და
დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და
შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და კაცებისთვის და კაცების
აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *