ქუთაისის მერიაში არსებული მედიაცენტრი გაქურდეს.
წაღებულია ,,მთავარი არხის’’ და ,,ტვ პირველის’’ აპარატურა. მძარცველმა მედიაცენტრში შუშის ჩამსხვრევის შედეგად შეაღწია.
,,დილით რომ მოვედით, ფანჯარა ჩამსხვრეული დაგვხვდა. როდესაც შევიხედე, მაგიდაზე არ იყო ჩემი კუთვნილი ნოუთბუქი, შემდეგ გაირკვა, რომ ტვ პირველის კამერაც მოპარულია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მერიაში ძარცვა მოხდა. მერიის ვეტერანი თანამშრომლები ამბობენ, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. დავრეკეთ პოლიცაში, ვიმედოვნებ, აღნიშნული პირის იდენტიფიცირება არ გაჭირდება, რადგან აქ საფინასო დაწესებულების ვიდეოკამერებია დამონტაჟებული,’’-ამბობს ,,მთავარი არხის’’ ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე.
მთავრობის მხრიდან კრიმინალის მფარველობას უკავშირებს მომხდარს ოპოზიცია.
,,ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ საქართველოში კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია და მართალიცაა. ფაქტი სახეზეა. მოიპარეს მედიის აპარატურა, ხელისუფლება კრიმინალს ხელს უწყობს, რათა შემდეგ ეს ადამიანები გამოიყენოს არჩევნებში დასახმარებლად,’’-ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი გიორგი კილაძე.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე კი აცხადებს, რომ გამოძიება დაწყებულია და შესაბამისი უწყებები მალე დაადგენენ იმ პირის ვინაობას, ვინც მედიაცენტრი გაქურდა.
,,შესაბამისი უწყებები მუშაობენ იმისთვის, რომ იდენტიფიცირებული იყოს პირი, რომელმაც მედიაცენტრი გატეხა. მიმდინარეობს გამოძიება, გამოიკითხებიან შესაბამისი პირები, დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით,’’-აცხადებს პეტრე ადამაძე.
Შინიგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.