ქუთაისში, “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული გრიგოლ ნარსია ჩვენებაში წერს, რომ ანკესის ჯოხს ნამდვილად ითხოვდა.
ის ამბობს, რომ საქართველო აფხაზეთის გავლით, რუსეთის მიმართულებით სურდა დაეტოვებინა და რუსეთის დროშა საზღვრის გადაკვეთისას ანკესზე უნდა დაემაგრებინა.
“იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე, რომ ჩემთვის მოეტანა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მლნ აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. აღნიშნული საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. მე ასევე მოვითხოვე ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი, რომლითაც მინდოდა დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის დროშა, ამისთვის მინდოდა ანკესის რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას მასზე დამემაგრა”, – ნათქვამია ჩვენებაში.
გრიგოლ ნარსია 20 სექტემბერს, საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალში შეიჭრა და 12 ადამიანი მძევლად აიყვანა. ის მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროსას ითხოვდა. პოლიციამ ის მომხდარიდან 9 საათის შემდეგ დააკავა, მძევლები კი გაათავისუფლა.
გრიგოლ ნარსიას ბრალს დღეს წაუყენებენ.