26-28 აგვისტოს იმერეთი არაბეთის გაერთიანებული საემიროდან ჩამოსულ 200 საერთაშორისო მედიაწარმომადგენელს, ბლოგერსა და ინფლუენსერს უმასპინძლებს,
რომლებიც რეგიონის ღირშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იმერულ მარნებსა და გასტრო სახლებს ესტუმრენიან.
“GET LOST WIZZAIR” (დაიკარგე Wizz air-თან ერთად) ავიაკომპანიის უკვე აპრობირებული პროექტი ითვალისწინებს ინფო-ტურს, რომლის მონაწილეები გამომგზავრების დასაწყისში არ ფლობენ ინფორმაციას მათი მოგზაურობის დანიშნულების ადგილის შესახებ და პროექტის გამარჯვებულ ქალაქში (ქვეყანაში) მათი ჩასვლა არის სიურპრიზი.
ქუთაისი ამ პროექტში იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისა – DMO იმერეთისა და ევროპის ყველაზე სწრაფადმზარდი და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz air-ის, კერძოდ კი მისი შვილობილი კომპანიის – Wizz air abu dhabi-ის თანამშრომლობის შედეგად ჩაერთო, კონკურენცია გაუწია ევროპის მოწინავე ქალაქებს და მოიპოვა კიდეც პროექტის განხორციელების უფლება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბური ინფო-ტური პირველად ხორციელდება საქართველოში. პროექტის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. პროექტით გათვალისწინებულია იმერეთის შესახებ სხვადასხვა ვიდეორგოლების გადაღება, რომელიც ინფორმაციასთან ერთად განთავსდება საერთაშორისო მედია პლატფორმებზე, გაზიარებული იქნება შერჩეული აპლიკანტების სოციალურ ქსელებში, რომელთა ჯამური გამომწერების რაოდენობა დაახლოებით 30 მილიონი ადამიანია.
თანამედროვე სტანდარტების პროექტი ზუსტად არის გათვლილი მოულოდნელობის ეფექტსა და მოგზაურობის მოყვარულთა ემოციებზე. აღნიშნული ტური ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ახლო აღმოსავლეთში.
პროექტის ფარგლებში იმერეთს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები და ინფლუესერები 20 ქვეყნიდან სტუმრობენ.
პროექტის საქართველოში განხორციელების ინიციატივა – საქართველოს ავიაბაზრის ლიდერს – ავიაკომპანია Wizz air-ს და შვილობილ კომპანია Wizz air abu dhabi-ის ეკუთვნის. საქართველოს მხრიდან პროექტის ორგანიზატორები არიან: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქუთაისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია – საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის მერია, DMO იმერეთი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.