საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას გეგმავს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გეგმური ინფრასტრუქტურული პროექტი 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.

მათივე ცნობით, სარემონტო სამუშაოები ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს ჩაუტარდება, რის გამოც, ამ პერიოდში, ქუთაისის აეროპორტში ფრენები ვერ შესრულდება და აეროპორტი ორი კვირით დაიხურება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმური რეაბილიტაცია. ის ავიაკომპანიები კი, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები, თუ 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ.

„როგორც მთელს მსოფლიოში, უსაფრთხოების მიზნით, საქართველოშიც ოპერატორი კომპანიები აეროპორტების ასაფრენი-დასაფრენი ზოლის პერმანენტულ მონიტორინგს ვახორციელებთ. ფრენების უსაფრთხოების მიზნით, ასაფრენი ზოლის ვარგისობის შემოწმება და მის შენარჩუნებაზე ზრუნვა მუდმივად ხდება. ქუთაისის აეროპორტის სააეროდრომო ნაწილის რეაბილიტაციისას სარემონტო სამუშაოები ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ცალკეულ ნაწილს ჩაუტარდება, რისთვისაც აეროპორტის დროებით დახურვა საჭირო გახდება. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია,“ – აცხადებს თამარ არჩუაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისის აეროპორტის გეგმურ სააეროდრომო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანებამ 8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. რეაბილიტაცია სრულად კომპანიის შემოსავლებით განხორციელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *