მოძრაობის ,,შინ ევროპისკენ’’ წევრები ქუთაისის მცხოვრებლებს ხვდებიან და ევროინტეგრაციის და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო ბროშურებს ურიგებენ.

ისინი საზოგადოებას უხსნიან, რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღება და შემდეგში – ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა; რა დადებითი შედეგები მოჰყვება ევროინტეგრაციას, ასევე, რას დაკარგავს საქართველო, თუ კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ. საინფორმაციო კამპანიის ჩასატარებლად, ქუთაისში ჟურნალისტი ეკა მიშველაძე და ისტორიკოსი გია ჯაფარიძე ჩამოვიდნენ. Მათთან ერთად არიან სამოქალაქო აქტივისტები როგორც თბილისიდან, ასევე, ქუთაისიდან.

,,მე ევროპის კავშირში წლების განმავლობაში ვცხოვრობდი. მოსახლეობას ვესაუბრები რა სიკეთეები მოჰყვება ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის მაღალი პენსიები, მაღალი ანაზღაურება, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი განათლება, უფრო მდიდარი საქართველო და რაც მთავარია-მშვიდობა. ევროკავშირი მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცეა. ამ არასრულ 180 დღეში უნდა ვიმუშავოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად,’’-ამბობს გია ჯაფარიძე.

,,აქ ვდგავარ როგორც მოქალქე, როგორც მშობელი, როგორც შვილი და თუნდაც, როგორც ჟურნალისტი. Საზოგადოებას ევროინტეგრაციის სიკეთეებზე ვესაუბრები. ის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროკომისიამ გასცა, მარტივად შესასრულებელია, ამის დაწყება დღესვე შეგვიძლია, მთავარი საზოგადოების ერთიანობაა. დღეს ამ ევროპულ ქალაქში ჩამოვედი და ჯერ არ შემხვედრია დამიანი, რომელსაც არ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, არ უნდა უკეთესი მომავალი და ეს რა თქმა უნდა ევროინტეგრაციასთანაა დაკავშირებული. ხალხი გამსჭვალულია ევროპული იდეით და მჯერა, 3 ივლისის აქციაზე ჩვენ ბევრნი ვიქნებით და ხელისუფლებას ჩვენს ხმას მივაწვდენთ,’’-ამბობს ეკა მიშველაძე.

რამდენიმე დღეა მოძრაობის ,,შინ ევროპისკენ’’ წევრები, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დადიან და მოსახლეობას ევროინტეგრაციის სიკეთეებზე ესაუბრებიან.

 

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა ევროკომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველოს კი ამ ეტაპზე მიენიჭა მხოლოდ ევროპული პერსპექტივა და გადაცეცა 12 პირობა, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად 6 თვეში უნდა შეასრულოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *