უხვი ნალექის შედეგად, ქუთაისში მდინარე რიონი ადიდდა და ვარლამიშვილის ქუჩის მცხოვრებლების სახლები და სარდაფები დატბორა.
შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. ადგილობრივები ზარალზე საუბრობენ.
წყლის მოვარდნილმა ტალღამ ბაბლუანების ოჯახში, სადაც მცირეწლოვანი გოგონა იზრდება, ერთი ოთახი მთლიანად გაანადგურა, ჩავარდა იატაკი და დაზიანდა საოჯახო ინვენტარი. რადიო ,,ძველი ქალაქი” ბაბლუანების ოჯახში იმყოფებოდა, თუმცა ოჯახის არცერთი წევრი იქ არ დაგვხვდა, ამიტომ მათი მდგომარეობის შესახებ მეზობელმა გვიამბო:
,,აქ სამი ადამიანი ცხოვრობს: ცოლ-ქმარი და 1 წლის ბავშვი. ისედაც უკიდურესად ხელმოკლე ოჯახია და სტიქიამ ყველაფერი გაუნადგურათ. ერთ ოთახში იატაკი მთლიანად ჩავარდნილია. ყველა ნივთი დაზიანებულია. თქვენც ხომ ხედავთ, რომ ყველაფერი საშინელ მდგომარეობაშია. შეუძლებელია აქ ბავშვიანმა ოჯახმა იცხოვროს. მივმართავთ მერიას, როგორც შეგიძლიათ დაეხმარეთ, იქნებ ერთი ოთახი მაინც გამოუყოთ, არ შეიძლება ბავშვის ამ პირობებში დატოვება,”-ამბობს მეზობელი ნინო ბარდაველიძე.
სტიქიამ, ასევე, დააზარალა ვარლამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ლამარა ბაქრაძეც, რომლის სარდაფიც დაიტბორა.
,,ღამით რიონი სახლში შემოგვივარდა. წელამდე წყალი იდგა. რაც შენახული მქონდა, ყველაფერი ან გამინადგურდა, ან დამიზიანდა. თქვენც ხედავთ რა მდგომარეობაა, ყველაფერი სველია. ეს პირველი შემთხვევა არ არის. რიონის ადიდების დროს ჩვენი სახლები და სარდაფები ხშირად იტბორება,”-ამბობს ლამარა ბაქრაძე.
მდინარე რიონის ადიდების შედეგად, ჯამში, დაახლოებით, 3 სახლი და 5 სარდაფი დაიტბორა.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და მომხდარზე გაკეთდება განცხადება.