ქუთაისში ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ დისკუსია გაიმართა.
დისკუსიაზე ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად მიღებულ სიკეთეებზე, ვალდებულებებზე და იმ დაბრკოლებებზე იმსჯელეს, რაც ხელს უშლის საქართველოს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ახლა, როცა ქვეყანა ევროკავშირისგან კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებაზე პასუხს ელოდება, მსგავსი ტიპის შეხვედრებს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ასევე, აღინიშნა, რომ ანტიდასავლური პროპაგანდა, რასაც პრორუსული ძალები საქართველოში აწარმოებენ, მოსახლეობის განწყობებზე ნეგატიურად აისახება, რაც ევროინტეგრაციის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი მიზეზია.
სპიკერები იყვნენ: ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე, რონდელის ფონდის ექსპერტი ბუკა პეტრიაშვილი და მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი.
,,მნიშვნელოვანია, რომ იმ საინფორმაციო ომში, რასაც პრორუსული ძალები დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებენ, ჩვენ მოტყუებულები არ დავრჩეთ. ისინი ეხებიან ხალხისთვის ყველაზე მგრძნობიარე თემას, ამბობენ, რომ თუ უკრაინისადმი მხარდაჭერას ღიად გამოვხატავთ, რუსეთი თავს დაგვესხმება. საზოგადოებას ომით აშინებენ, რაც ცხადია, მათზე ემოციურ ზეგავლენას ახდენს. ჩვენ ტრავმირებული საზოგადოება ვართ, გამოვიარეთ 2008 წლის ომი და ომის ყველას ეშინია. ეს დეზინფორმაცია ხელს გვიშლის ევროპული არჩევნის გაკეთებაში. მნიშვნელოვანია ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა არასამთავრობო სექტორის მხრიდან,”-ამბობს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.
,, ხომ გსმენიათ ფრაზა ,,არაფერი სულს ისე არ თრგუნავს, როგორც უფულობა”, ეს ძალიან კარგად იცის ჩვენმა მთავრობამ და საქართველოში მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე არ ზრუნავს, რადგან მშიერი ხალხი უკეთ სამართავია. ასეთ საზოგადოებაზე მეტი შანსი გაქვს დეზინფორმაციით გავლენა მოახდინო. ხშირად გვესმის, რომ ევროპა ქართველობას გვართმევს, სინამდვილეში ევროპა ეროვნულ ღირებულებებს არ ებრძვის. ქართული კულტურა ნამდვილად მდიდარია და ჩვენ, ჩვენი დიდებული კულტურით ევროპულ ოჯახს ვჭირდებით,“-ამბობს მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი.
შეხვედრას ახალგაზრდები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,,დღეს გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ძალიან აქტუალურ თემაზე. დღეს საქართველო გადამწყვეტ მომენტში იმყოფება, ველოდებით პასუხს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და ვთვლი, რომ მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მსგავს განხილვებში. გულდასაწყვეტია, რომ ჯერ კიდევ არსებობს კითხვები, რატომ უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები,”-ამბობს ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ხვიჩა ვაშაყმაძე.
დისკუსიის მონაწილეები იმედს გამოთქვამენ, რომ ქართველი ხალხის ნება ევროინტეგრაციის შესახებ გათვალისწინებული იქნება და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭება.