სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტთან” , სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დერეკ შოლე შეხვედრებს მართავს, ჟურნალისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.
მედიის წარმომადგენლებმა ,,მთავარი არხის’’ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება გააპროტესტეს. მათი მიზანი იყო ამერიკელი პარტნიორისთვის მიეწვდინათ ხმა, რომ საქართველოში კრიტიკული მედიის წარმომადგენლების უფლებები ირღვევა. იმის გამოსახატად, რომ ხელისუფლება ჟურნალისტების ხმის ჩახშობას ცდილობს, აქციის მონაწილეებმა, სიმბოლურად პირი აიკრეს.
“ჩვენი მოსვლის მთავარი მიზანი არის ის, რომ სახელმწიფო მდივნის მრჩეველს მივაწოდოთ ოთხი კრიტიკული არხის წერილი, რომელიც უკავშირდება ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობას და მედიის მდგომარეობას ამ ქვეყანაში. ჩვენ უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა ყველას, ვისაც შეიძლება ჯერ კიდევ არ ჰქონდეს ბოლომდე ინფორმაცია, რა პირობებშია ამ ქვეყანაში მედია. შეიძლება მათ არ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია ამის შესახებ. ერთი შეხედვით არის კრიტიკული მედიასაშუალებები, მაგრამ ამის მიღმა არის შეთითხნილი საქმეები კრიტიკული მედიის მენეჯერების და მათო ოჯახის წევრების მიმართ. ეს არის ისეთი გაფორმებული უკანონობა, ნებისიერ ადამიანზე შეიძლება ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმე შეთითხნონ. ” -ამბობს ტვ პირველის ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია.
“უნდა ავუხსნათ ის მოცემულობა, რაც არის საქართველოში. კერძოდ ის, რომ თავისუფალ მედიას ებრძვიან, კრიტიკული მედიის ხელმძღვანელს უშვებენ ციხეში მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მისი ხმა არ მოისმინონ და მის მიერ დაფუძნებული კრიკიკული მედია ჩამოშალონ და იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დიდი შავი ფარდა ჩამოაფარონ და საბოლოოდ გააფორმონ საქართველოში დიქტატურა” – ამბობს ,,მთავარი არხის’’ ჟურნალისტი მიშა სესიაშვილი.
აქციის მონაწილეებს საერთაშორისო პარტნიორების რეაგირების იმედი აქვთ.
16 მაისს ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააკავეს. ბრალი ეხება პერიოდს, როდესაც ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი იყო. ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ აღიარა.