შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში უკრაინის მოქალაქის გაქურდვის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ. წ. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 მარტს, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე, უკრაინის მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო”, – წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.