ქუთაისის ამერიკული კუთხის 10 წლისა და ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლიანი იუბილის აღსანიშნავად ქუთაისის ამერიკულ კუთხეში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე მოწვეული იყო აშშ-ის ელჩის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისი. საიუბილეო ღონისძიებაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს. გაჟღერდა ორივე ქვეყნის ჰიმნი. ასევე გამოფენილი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ამსახველი ფოტო-მასალა.
,,ქართულ-ამერიკული დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობების ნიმუშია ის პროგრამები, რაც ამერიკულმა კუთხემ განახორციელა. ამერიკული კუთხეების მიზანი აშშ და საქართველოს შორის პარტნიორობის გაღრმავებაა. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვიტარებას, განათლებას, მეწარმეობას, თავდაცვას და სხვა მიმართულებებს. მნიშვნელოვანია ერებს შორის ურთიერთობა არა მარტო მთავრობების დონეზე, არამედ ადგილობრივ დონეზეც და ამერიკული კუთხეები ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის საუკეთესო საშუალებაა,’’-ამბობს აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში რაიან ჰარკერ ჰარისი.
,,ამერიკული კუთხის გახსნის თარიღი და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 30 წლისთავი აპრილში ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ დღეს ორივე თარიღს აღვნიშნავთ. მადლობა აშშ-ს, რომ მუდმივად მხარს უჭერს ჩვენს პროექტებსა და პროგრამებს. Მადლობა, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, რომელთა გარეშეც პროექტები ვერ განხორციელდებოდა,’’-ამბობს ქუთაისის ამერიკული კუთხის კოორდინატორი, ინგა ივანეიშვილი.
ღონისძიებას ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილიც ესწრებოდა.
,,ამერიკული კუთხე არა მხოლოდ წიგნიოერების, არამედ დემოკრატიული პრინციპების ადგილიცაა. 10 წლის წინ, იმ მოცემულობაში, რა მდგომარეობაც ჩვენს ქალაქში იყო, ამერიკული კუთხე იყო ნათელი წერტილი. იმედი მაქვს, ქუთაისელი ახალგაზრდები ჩაერთვებიან სხვადასხვა პროექტში, ასევე, გახდებიან ამერიკული კუთხის მოხალისეები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას,’’-ამბობს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.