,,ამბობენ, მარტის თვე ქალებისააო, მაგრამ წლევანდელი მარტი ქალებისთვის განსაკუთრებით მძიმე გამოდგა. ყველანი შეძრწუნებულნი ვართ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით. ეს განცდა უფრო გამძაფრებული იმ ადამიანებს გვაქვს, რომლებიც აფხაზეთის ომის მონაწილეები ვართ,’’-ამ სიტყვებს ჟურნალისტი და აფხაზეთის ომის მოხალისე, გაზეთ ,,ქუთაისის’’ მაშინდელი შტატგარეშე კორესპოდენტი ლია ხარაბაძე ამბობს.
ლია ხარაბაძე და აფხაზეთის ომის მონაწილე ქალები დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეიკრიბნენ და ომის პერიოდი გაიხსენეს. შეხვედრას სკოლის მოსწავლეები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ომის მონაწილე ქალებმა ომში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მიუხედავად გამოცდილების არქონისა, მზად იყვნენ ხელში იარაღი აეღოთ და სამშობლოს დასაცავად თავად ებრძოლათ.
,, ხშირად ყოფილა როცა დავუბომბივართ, მეც ბიჭებთან ერთად გავვარდნილვარ. ხელში იარაღის დაჭერაც არ ვიცოდი, მაგრამ ალბათ, ომის დაუწერელი კანონია, რომ გარბიხარ იქ, სადაც თვლი, რომ შენი ყოფნა საჭიროა,’მე ვფიქრობ ეს ტრაგედია რაც უკრაინაში ხდება არასდროს არ უნდა განმეორდეს. მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვინც უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობას ნებისმიერი ფორმით გამოხატავს,’’-ამბობს ლია ხარაბაძე.
,,მე აფხაზეთიდან ვარ. ჩემი ჟურნალისტური კარიერა ბრძოლის ველზე დაიწყო. ჩვენ ჩვენს გაზეთში უნდა აგვესახა საბრძოლო მდგომარეობა, ოღონდ ეს ისე უნდა გაგვეკეთებინა, რომ სახელმწიფო საიდუმლოება დაგვეცვა. უმოკლეს დროში მივიღეთ ცოდნა და უნარები, რა შეიძლება გვეთქვა და რა არა. ჩვენი ვიცოდით როგორ მიგვეწოდებინა ინფორმაცია ქართველებისთვის, რომ მათი საბრძოლო განწყობილება აგვემაღლებინა. ამ ომის დროს, როცა ორი მხარე ერთმანეთს ხვდებოდა, ქართულ-აფხაზური მხარეები, მესამე მხარე მომრიგებლის როლში გამოდიოდა, რუსეთი ცანდა როგორც შუამავალი. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ აფხაზებმა ყველა შეთანხმება დაარღვიეს და ჩვენ დავმარცხდით,’’-ამბობს აფხაზეთის ომის ვეტერანი და სამხედრო კორესპოდენტი. ციალა კოპალიანი.
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, ,,მარტი – ქალთა ისტორიის თვის’’ ფარგლებში შედგა.