სოციალური მომსახურების სააგენტოს 390-მდე თანამშრომელი 17 იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით იფიცებიან.
multicat=77
ორშაბათიდან სოციალური სააგენტოს ცენტრები ბენეფიციარებს არ მოემსახურებიან ქუთაისში, ბაღდათში, ზესტაფონში, თერჯოლაში, ხარაგაულში, თბილისის არცერთ რაიონში, ასევე ბათუმში, ხულოში, ხელვაჩაურში, შუახევში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, ყვარელში, გურჯაანში, ლაგოდეხში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში, მარტვილში, ხობში, ზუგდიდში, აბაშაში, მესტიაში, მცხეთაში, დუშეთში, თიანეთში, ბორჯომი, გორში, ქარელისა და დმანისში.
სოციალური სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების 100% მატებას მოითხოვენ. თანამშრომლების მოთხოვნებშია, მოხდეს ყოველწლიურად მათი ხელფასის ინფლაციასთან მიმართებით გაზრდა.
სოლიდარობის ქსელის იურისტის, დავით ომსარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან მედიაციისა და მოლაპარაკებების პროცესი წარუმატებლად დასრულდა და 17 იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 390 ადამიანი გაიფიცება. პროტესტი კი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.
„გუშინ გავაგზავნეთ შეტყობინება, როგორც სააგენტოში, ასევე შეტყობინება გავუგზავნეთ მინისტრს, რომ 17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 თანამშრომელი გაიფიცება, რაც ნიშნავს იმას, რომ უმეტესობა ცენტრებისა ფუნქციონირებას შეწყვეტს. ეს ადამიანები იფიცებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, თუმცა ამ ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვეს მონურ პირობებზე და ახლა უკვე მივმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და გავიფიცებით იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული”, – განაცხადა სოლიდარობის ქსელის იურისტმა, დავით თომსარაშვილმა.
დასაქმებულთა მოთხოვნები:
სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების ხელფასის ორივე ნაწილის (ფიქსირებული და გამომუშავებული ერთეულის) ზრდა 100 %-ით;
სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გაწეული გზის ხარჯის ანაზღაურება სოციალური აგენტებისათვის;
სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასების ზრდა 100% -ით. (რომელიც არ გაზრდილა 2007 წლის შემდეგ);
რეგიონში და რაიონულ განყოფილებებში დასაქმებული სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასის თბილისის სერვის ცენტრებში იგივე პოზიციაზე დასაქმებულთა ხელფასებთან გათანაბრება.
იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის დასრულებას მოყვება მთავარი სპეციალისტის (იურისტი) შტატის შემცირება, აღნიშნული პირები, როგორც მთავარი სპეციალისტები, გადაყვანილი იქნენ შესაბამის პოზიციაზე იმავე ან სხვა განყოფილებაში.
სააგენტოს მიერ, სხვა დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში (სხვა სიპების დახმარების მიზნით) შემსრულებელ პირს დაერიცხოს დამატებით შრომის ანაზღაურება.
სააგენტოს ცენტრებს დაემატოს კადრები, რათა არ მოუწიოს დასაქმებულს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია მოვალეობის შეთავსება.
გაფორმდეს პროფესიულ კავშირთან შრომის კოლექტიური ხელშეკრულება.
ჩაიდოს ხელშეკრულებაში ხელფასის ყოველწლიური კალკულაცია ინფლაციის დონის გათვალისწინებით.