“სურსათის ბანკი” – ასე ეწოდება ახალ ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანიც სასტუმროებიდან და სუპერმარკეტებიდან საღი პროდუქტის ბენეფიციარებისთვის განაწილებას გულისხმობს.
რძის ნაწარმი, ხორცი, ხილ-ბოსტნეული და სხვა სურსათი, რომლის რეალიზაციაც ვერ ხერხდება, დახლებიდან, უტილიზაციის ნაცვლად, ქველმოქმედებისთვის იქნება გამოყენებული.
ამ თემაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტი, გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად უკვე მუშაობს.
სიახლე, რომლის ამოქმედებასაც საქართველო გეგმავს, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. აღნიშნული მოდელის მიხედვით, საკვები ბანკი ძირითადად რესტორნებთან, სასტუმროებთან და სუპერმარკეტებთან ითანამშრომლებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, უვნებელ პროდუქტებს “სურსათის ბანკს” მიაწვდიან.
კვლევების მიხედვით, სურსათის მაღაზიებში თვეში მილიონობით ლარის პროდუქტი ნადგურდება.
ინიციატივას უკვე გაეცნენ რესტორატორთა და რითეილ-ასოციაციის წევრებიც. მათი თქმით, დღეს მოქმედი კანონით, ქველმოქმედების მიზნით გაცემული საკვებიც იბეგრება, ამიტომ თუ ახალი ინიციატივა განსხვავებული იქნება, ბიზნესი ამას მხოლოდ მიესალმება.