საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს, 5 ოქტომბერს შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის თანახმად, სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე უნდა ჩატარდეს, თუმცა გამონაკლისი დაიშვება 9 ოქტომბრის დაგეგმილ მატჩზე:
9 ოქტომბერს, საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 33% დაიშვება. საბჭოსთან არსებული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან 72-სათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი, ან 24-საათიანი ანტიგენის სწრაფი ტესტი, ან 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის ცნობა.
საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან რეგულაციები: ატარონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აიცრან. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მობილური ბრიგადები გაიგზავნება რეგიონების სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიეწოდოს.