ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
შემთხვევა 2020 წელს სამტრედიაში მოხდა. ქმარმა ცოლი საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო მოკლა.
პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და დამამძიმებელ გარემოებაში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 23 დეკემბერს, ქ. სამტრედიაში მ.მ.-მ მეუღლეს ე.კ.-ს, საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის განზრახვით, დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ე.კ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.