წყალტუბოს მუნიციპალიტეტში თეთრა მღვიმე მუშაობას სატესტო
რეჟიმში დაიწყებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოში გვითხრეს, რომ მღვიმე სატესტო რეჟიმით ფუნქციონირებას დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს სისტემების მონიტორინგი, გიდებზე დაკვირვება და სხვადასხვა ტიპის სამუშაოები.
თეთრა მღვიმე იმერეთში ახალი ეკოტურისტული ობიექტია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმეში დანერგილია ინოვაციური სერვისი, რაც გულისხმობს ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველებასა და მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას. მღვიმე ვიზიტორებს სპელეო-გამაჯანსაღებელ სეანსებსაც შესთავაზებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხომულში მდებარე მღვიმე 30 000 წლის წინანდელ ისტორიას ინახავს. იგი მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს, სადაც 15 000-მდე არქეოლოგიური მასალაა მოპოვებული, მათ შორის, პალეოლითელი ადამიანის იდაყვის ძვალი, რაც ადასტურებს, რომ მღვიმე პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელს წარმოადგენდა.
თეთრა მღვიმე, ელექტრონული აუქციონის შედეგად, 2019 წელს იჯარის ხელშეკრულებით გადაეცა შპს “თეთრა ჯგუფს”. მეიჯარე კომპანიის მიერ, ხელშეკრულების დადებიდან 1 წელიწადში, თეთრა მღვიმის ეკოტურისტული სივრცის მოწყობაში 400 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
“მღვიმეში მოხდა ჭერისა და კედლების ვანდალური კვალისაგან გაწმენდა, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გასუფთავება, ვიზიტორთათვის მოეწყო ეკოტურისტული სივრცეები. აქ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ მღვიმე და გაეცნონ მღვიმის უნიკალურ ისტორიას,”-განაცხადა მღვიმეს დირექტორმა, გიორგი ტყაბლაძემ.