არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,უფლებებისა და განათლებისთვის’’

სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შრომით უფლებებსა და შრომითი ინსპექციის მანდატზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ შრომითი ინსპექციის უფლებამოსილებაში როგორც შრომის უსაფრთხოების დარვევის ფაქტების გამოვლენა და მასზე რეაგირება, ასევე დასაქმებულთა უფლებების დაცვაც შედის. შეხვედრას მოდერატორები: მარიკა ვაჭარაძე და პაატა ბელთაძე უძღვებოდნენ.

 

,,შრომის ინსპექცია 2019 წელს შეიქმნა, მანამდე მხოლოდ იმას აკონტროლებდა რამდენად იყო დაცული შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები. 2019 წლიდან მის ფუნქციაში დასაქმებულთა სხვა უფლებების დაცვაც შედის. თუ რომელიმე თანამშრომელი დისკრიმინაციის, ძალადობის ან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდება შეუძლია მიმართოს შრომის ინსპექციას. ინსპექცია ვალდებულია გამოიძიოს სიტუაცია და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომპანიას დააკისროს სანქციები და ჯარიმები’’-ამბობს ამერიკის სოლიდარობის ცენტრის ტრენერი პაატა ბელთაძე.

,,დღეს ძალიან ინტერაქტიური შეხვედრა გვქონდა. თემა მეტად მნიშვნელოვანია. შრომითი უსაფრთხოების დაცვა და შრომითი პირობების გაუმჯობესება ყველა დამსაქმებლის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რადგან არასათანადო პირობები თავად კომპანიას აზარალებს. მნიშვნელოვანია დამსაქმებელი გრძნობდეს სოციალურ პასუხისმგებლობას, რათა შექმნას შრომისთვის ხელსაყრელი პირობები. მნიშვნელოვანია თავად დასაქმებულებსაც ჰქონდეთ ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ, ჩვენი შეხვედრის მიზანიც ესაა,’’-ამბობს ,,ქალთა ფონდის’’ ტრენერი მარიკა ვაჭარაძე.

ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ შრომითი ინსპექცია ჯერჯერობით არ არის დაკომპლექტებული პროფესიონალი კადრებისგან, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ტრენერების თქმით, საჭიროა კონკრეტული დარგის სპეციალისტი შრომის ინსპექტორების გადამზადება და მათში ფინანსური რესურსის ჩადება, რათა მივიღოთ უკეთესი შედეგი.

შეხვედრა განხორციელდა პროექტის “თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო საქართველოში “, რომელსაც ახორციელებს ,,ქალთა ფონდი საქართველოში”, პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებებისა და განათლებისათვის”, პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *