მირანდა ტყეშელაშვილის სტატია

პროექტ ” ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის – ვიცოდეთ მეტი ჩვენი უფლებების შესახებ”

,,არა ნამოხვან ჰესს!”- ფრაზა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა, ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური სივრცის, განუყოფელ ნაწილად იქცა. იმ მოქმედებათა ჯაჭვის რგოლად, სადაც ვცვლით აზრებს, ერთმანეთს ვუზიარებთ ინფორმაციებს, მხარს ვუჭერთ ერთმანეთს და აქამდე სრულიად უცნობ ადამიანებთან ერთად ვიბრძვით იმ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის , სადაც სიხარულით შეგვეძლება ცხოვრება.

30 წელი გავიდა 1993 წლის 31 მარტს ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის შემდეგ, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე- “სურდათ თუ არა, დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”. კითხვაზე დადებით პასუხი გასცა საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98% – მა, რეფერენდუმი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

მას შემდეგ, ჩვენი ცხოვრების თანაზიარი გახდა სიტყვები: თავისუფლება, დამოუკიდებლობა, სახელმწიფო და მოქალაქე. თუმცა მიუხედავად ამ მოპოვებული სიმდიდრისა, პასუხისმგებლობა რომლებიც, ამ სიტყვებს მოჰყვა, არ გაიოლებულა, პირიქით უფრო მეტად გართულდა, რადგან ამ სიტყვებმა მოვალეობები შექმნა, რომელიც მოქალაქეების მიერ გადაწყვეტილებების მიღებას, მოქმედებების გააზრებას და შესრულებას მოითხოვს მათ მიერ არჩეულ მთავრობასთან ერთად.

ამ სიტყვების მნიშვნელოვანებაზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა მოვლენებმა, რომლებიც ამ ბოლო დროს მოხდა: კერძოდ, ქუთაისიდან 19 კილომეტრში, სოფელ ჟონეთში, ლალი ეფრემიძის კუთვნილ მიწაზე გაშლილი კარვები პოლიციამ ჯერ დაანგრია, ხოლო შემდეგ იქაურობა ტრაქტორით გადახნა. ხოლო მომდევნო ეტაპზე სოფელ გუმათის შესასვლელთან, წყალსაცავთან, მთავრობის დავალებით, რკინის ჯებირი აღმართეს, და მოქალაქეებს საკუთარ სახლებში შესასვლელად რიონის ხეობაში გადაადგილების უფლება ჯერ შეუზღუდეს, ხოლო შემდეგ საერთოდ აუკრძალეს.

გადაადგილება აუკრძალეს იმ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ სახელმწიფოს ვეძახით და რომელიც დღევანდელი განსაზღვრებით მოიცავს საზოგადოებრივ- პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმას, განსაკუთრებულ აპარატს: საჯარო ხელისუფლების მეშვეობით ახორციელებდეს თავის სუვერენულ(დამოუკიდებელ) უფლებამოსილებას, უზრუნველყოფდეს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, ამყარებდეს საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალს ანიჭებდეს საყოველთაო სავალდებულო მნიშვნელობას, და იყოს მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერებისა და მართალწესრიგის გარანტი.

რამდენად მაღლაა ხელისუფალი, რომელიც არწივის გაფრენის სიმაღლიდან უყურებს თავის მოსახლეობის ცნობიერების დონეს და გონებრივ შესაძლებლობებს? – შეკითხვას სვამს – რიონის ხეობის მცველი და წინააღმდეგობის ერთ-ერთი ლიდერი მარიტა მუსელიანი, როდესაც საქმე ხელისუფლების დამოკიდებულებას ეხება ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგეების მიმართ, რომ ისინი თითქოსდა ცდილობენ ხელის შეშლას საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის, იმ ენერგოდამოუკიდებლობისთვის რომელიც 2020 წლის მონაცემებით დაახლოებით 54 მცირე და 15 დიდი ზომის ჰესს აღრიცხავს, მათ შორის არის მარეგულირებელი და მომდინებაზე დამოკიდებული ჰესების ტიპები და საქართველოსა და ამიერ კავკასიაში უდიდესი ენგურჰესია აშენებული, რომლის სიმძლავრე 1300 ათ. კვტ ( 5 აგრეგატი, თითეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ.კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი, მიუხედავად ამისა ელექტრო ენერგიის ფასი, ტარიფი სულ მუდმივად იმატებს.

ფაქტობრივად არ არსებობს ურთიერთობა მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის- ამბობს მაკა სულაძე ამ საკითხზე მსჯელობისას და ამ ნათქვამით ჩვენ იმაზე უფრო საჭირბოროტო საკითხს ვეხებით, ვიდრე რომელიმე ჰიდრო ელექტრო სადგურის, თუ ჰესების კასკადის აშენებაა. ჰიდრო ელექტრო სადგური, რომელიც ენერგიის წყაროდ იყენებს წყლის ნაკადის ენერგიას, ხოლო მუშაობის პრინციპი დამოკიდებულია ჰიდროტექნიკური ობიექტების ჯაჭვზე, რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის საჭირო წნევას, აბრუნებენ ტურბინას და ამუშავებენ გენერატორს, რაც წარმოქმნის ელექტროენერგიას ხოლო მისი სიმძლავრე დამოკიდებულია წყლის წნევაზე და გამავალ წყალზე, ასევე გამოყენებული ტურბინების და გენერატორების რაოდენობაზე- გაცილებით დაბალი რანგის მექანიკური საქმეა, ვიდრე ის ცოცხალი ურთიერთობა, რაც მოეთხოვება ხელისუფლებას, როგორც ხალხის ხმას და სახელმწიფოს სახეს უშუალოდ ხალხის მოთხოვნილებისა და საჭიროების დაკმაყოფილებისათვის. და არ შეიძლება ხელისუფლების მოქმედება ხალხში იწვევდეს მათი გონივრულობის სიმწირის განცდას.

მათი ქმედება მიმართული უნდა იყოს საქართველოს, როგორც დედამიწის, მსოფლიოს შემადგენელი ნაწილის ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენებისკენ, მისი მაცხოვრებლების აზრის მოსმენით, გააზრებით და გათვალისწინებით. ჩვენ უნდა შეგვეძლოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს გაერთიანება გარკვეული პრობლემების/ ირგვლივ და საკითხის სწორად დაყენება -ამბობს რიონის ხეობის დამცველი ვარლამ გოლეთიანი და კიდევ ერთხელ მოიაზრებს მოქალაქის ცნებას, რომელიც გულისხმობს ადამიანის როგორც დაბადებიდანვე სიცოცხლის, თავისუფალი განვითარების, პირადი ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლებას. სარგებლობას გამოხატვის, გაერთიანების, რელიგიის თავისუფლებით, ხელმისაწვდომობას განათლებაზე, სამართლიან სასამართლოზე, უსაფრთხო გარემოზე. მოქალაქეს ასევე უნდა ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფოს, ქალაქის, ან თემის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, არჩევნებში ან რეფერენდუმში მონაწილეობის ან საზოგადოებრივ გაერთიანებებში გაწევრიანების გზით, საქველმოქმედო და ნებაყოფლობითი საქმიანობით და სხვა.

ხოლო ჩვენთვის ისეთი შეკითხვების დასმის უფლებას როგორიცაა: რამდენად უსაფრთხოა ნამახვანჰესის აშენება იმ ზონაში, რომელიც მეწყრულად საშიში ზონააა და ასევე სეისმურადაც აქტიური, რამდენად არის გათვალისწინებული სახელმწიფოს, და ხალხის ინტერესები, რატომ არ ხდება სხვა ალტერნატიული ენერგიების წყაროების ათვისება: ქარის, მზის ენერგიის, და ბოლოს, როდესაც ამდენი ჰესია აშენებული და ჩვენ მაინც არ გვაქვს ენერგოდამოუკიდებლობა, რა გარანტიააა იმის, რომ ამ ჰესის აშენების შემთხვევაში საქმე სასიკეთოდ შეიცვლება?
ხოლო ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის მოვალეობა ორივე მხარეზეა დამოკიდებული – სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობაზე. რადგან ჩვენს ქვეყანას სახელმწიფოს სტატუსი აქვს, ეს გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს სწორედ ქართველი ხალხის დაკვეთით, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერებისა და მართლწესრიგის, უსაფრთხო გარემოსა და ხელშეუხებელი საცხოვრისის გარანტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *