ქუთაისში, გუგუნავას 12-ში შესახლებულ დევნილებს შენობიდან გასახლებას უპირებენ.
იმის გამო, რომ მერია აღნიშნული შენობის რეკონსტრუქციას და მის ადგილზე სოციალური საცხოვრისის განთავსებას გეგმავს, ხუთმა ოჯახმა შენობა 23 მაისამდე უნდა დატოვოს. როგორც დევნილები ჩვენთან საუბარში ამბობენ, მერიამ მათ 6 თვის განმავლობაში ქირით დაკმაყოფილება შესთავაზა, მაგრამ 6 თვის შემდეგ რა ბედი ეწევათ, გაურკვეველია.
,,მერიის წარმომადგენლები ჩვენთან მოვიდნენ და გვითხრეს, რომ შენობა 23 მაისამდე უნდა დავცალოთ. ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ. დავუშვათ, 6 თვე ქირა გადაგვიხადეს, შემდეგ სად წავიდეთ? ფაქტობრივად, ქუჩაში ვრჩებით,’’- ამბობს აფხაზეთიდან დევნილი, ირინა ბაღათურია.
მისი თქმით, დევნილთა სამინისტროს ბინების დაკმაყოფილების თაობაზე არაერთხელ მიმართეს, პასუხად კი ის მიიღეს, რომ მომლოდინეთა სიაში არიან და ბინებით დაკმაყოფილება სარეიტინგო ქულებისა და რიგითობის მიხედვით მოხდება, მაგრამ მისი თქმით, თუ ეს 6 თვის ვადაში არ მოხდა, შესაძლოა, ქუჩაში აღმოჩნდნენ.
დევნილებმა ასევე იმ მძიმე სოციალურ პირობებზე ისაუბრეს, რა მდგომარეობაშიც უწევთ ცხოვრება. იმის გამო, რომ შენობაში გაზი შეყვანილი არაა, ზამთარში შეშის ღუმელით თბებიან, მერია მათ შეშით დაეხმარა, ოღონდ არასაკმარისი რაოდენობით. საპირფარეშო საერთოა, აბაზანა არ აქვთ, რაც ისედაც მძიმე პირობებს მეტად ართულებს.
,,ერთი ოთახი გვაქვს, სადაც ვწესრიგდებით. წყალს გავათბობთ და ზამთარშიც გაყინულ ოთახში ვიბანთ. თუ ჭურჭლის დარეცხვა გვინდა, წყალი საპირფარეშოდან მოგვაქვს. შემოსავალი არაფერი მაქვს. მხოლოდ 200 ლარიანი დამხარება და 45 ლარი დევნილობის პენსია, რაც არაფერში მყოფნის. 300 ლარის წამლები გამომიწერეს და ვერ ვყიდულობ. რა გული უნდა გქონდეს, რომ ამ პირობებში მცხოვრები ოჯახები გაასახლო,’’-ამბობს აფხაზეთიდან დევნილი, მარინა გასაშვილი.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მერია დევნილების ქირით გადაყვანას მთელი განსახლების მანძილზე, შენობის რეკონსტრუქციამდე უზრუნველყოფს. ხოლო თუ დევნილთა სააგენტო მათ ბინით არ დააკმაყოფილებს, შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ დევნილებს შესაძლებლობა ექნებათ შენობაში დაბრუნდნენ და ცხოვრება მანამ გააგრძელონ, სანამ ბინით არ დაკმაყოფილდებიან.