ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ცხოვრების ვადა 2 წლამდე შემცირდა.

იმ შემთხვევაში თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა 110 ათასს გადააჭარბებს, საცხოვრებელს 5-ის ნაცვლად 2 წელიწადში დაატოვებინებენ. გადაწყვეტილებამ, რომელიც ქუთაისის საკრებულომ ერთი კვირის წინ მიიღო, ნიკეას სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს ახალი თავსატეხი გაუჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მათი პირობები საცხოვრისში შესვლის დღიდან თითქმის არ გაუმჯობესებულა, სარეიტინგო ქულა ყოველი გადამოწმებისას ეზრდებათ, რაც აჩენს შიშს, რომ მალე საცხოვრებლის დატოვება მოუწევთ.

 

,,არ ვიცი სად უნდა წავიდეთ, წასასვლელი არსად გვაქვს. ჩვენი შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ ვერაფერს ვიქირავებთ. 1000 ქულა გვქონდა თავიდან და ახლა 44 ათასზე ავიდა. არადა ისევ ამ პირობებში ვართ,’’-ამბობს სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარი, თამთა ფურცხვანიძე.

თამთა სამ შვილთან და დედასთან ერთად 65 კვადრატ ბინაში ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალს 170 ლარის სოციალური დახმარება და დედის პენსია შეადგენს, რომელსაც განვადებების გამო სრულად ვერ იღებენ. იმის გამო, რომ გაზის შემოყვანა საკმაოდ ძვირი ჯდება, ზამთარში ელექტროღუმელით თბებიან, რაც გაცილებით ძვირია.

,,ზამთარში სუბსიდირების პროგრამაშიც ვერ მოვხვდით, რადგან 70-80 ლარის ელექტროენერგია დავწვით. 100 ლარიც გადაგვიხდია’’-ამბობს თამთა.

საჭმელს გაზის ბალონზე აკეთებს, რომელიც, დაახლოებით, სამ დღეში ისევ დასატუმბია და ესეც დამატებით თანხებთანაა დაკავშირებული. არადა შემოსავალი მცირეა. პური, ერთჯერადი სუპი, იშვიათად ლობიო და კარტოფილი-ეს თამთას შვილების სადილია. ამ პირობებში საცხოვრისის დატოვებაზე ფიქრიც უჭირს.

თამთას მსგავსად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია  ნანა ზოსიაშვილიც. ნანა ხუთი მცირეწლოვნის დედაა, მეუღლე და დედამთილი უმუშევრები არიან.  ოჯახის შემოსავალი სოციალური და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაა, რომელიც ჯამში 800 ლარს შეადგენს, მაგრამ რვა სულიან ოჯახს ის არაფერში ჰყოფნის. გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში პროდუქტის ფასი გაძვირდა, ასევე მოიმატა ენერგოტარიფმაც, თანხა თვიდან თვემდე ვერ მიჰყვებათ, რის გამოც ვალების აღება უწევთ.

,,ფულს რომ ავიღებ, ვალების გასტუმრებას ვუნდები. მედიკამენტები იმდენად ძვირია, ვერაფერს ვყიდულობ, არადა ხუთივე ბავშვი გაციებული მყავს და ექიმთანაც ვერ მივიყვანე. ელექტროღუმელით ვთბებით და ძვირს წვავს. შვილებს ძირითადად სუპს თუ გავუკეთებ და პურს თუ ვაჭმევ, ხორცი ბოლოს როდის ვჭამეთ  არ მახსოვს,’’-ამბობს ნანა.

მიუხედავად ამისა, ოჯახის სარეიტინგო ქულები მაინც იზრდება, რის გამოც ნანა შიშობს, რომ მალე ზღვარს გადასცდება და საცხოვრებელს დაატოვებინებენ. არადა წასასვლელი არსად აქვს.

ქუთაისის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ჯონდო არაბიძე ამბობს, რომ თუ ნიკეას სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების ცხოვრების დონე გაუმჯობესდება, მაშინ ფართი სხვა, უფრო მძიმედ მდგომარეობაში მყოფმა ბენეფიციარებმა უნდა დაიკავონ. მისი თქმით, საკრებულოს 2017 წლის დადგენილების მიხედვით, ბენეფიციართა ცხოვრების ვადად 5 წელი იყო განსაზღვრული, მაგრამ ხელშეკრულებაში, რომელიც მერიასა და ბენეფიციარებს შორის იდებოდა, 2 წელი იყო განსაზღვრული. არაბიძის თქმით, ეს იყო შეუსაბამობა და ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოსწორდა. მისივე ინფორმაციით, ბენეფიციარების საცხოვრისში დარჩენა-არდარჩენის საკითხს მხოლოდ სარეიტინგო ქულა წყვეტს და არ აქვს მნიშვნელობა ბენეფიციარს აქვს თუ არა სხვა საცხოვრებელი.

,,სოციალური მომსახურების სააგენტოში გაგზავნილი გვაქვს მიმართვა, გადმოგვცენ ბენეფიციარების სარეიტინგო ქულები, რათა ვიმოქმედოთ შესაბამისად. თუ რომელიმე ბენეფიციარი ისე დატოვებს საცხოვრისს, რომ ამის შესახებ არ გვაცნობებს, მაშინ მონიტორინგის ჯგუფის გადამოწმების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილებას, მათი სხვა ოჯახით ჩანაცვლებით. 10 დღე თუ არ იქნება საცხოვრებელში და არ გვაცნობებს, რომ რაიმე ობიექტური მიზეზით არის წასული, მაშინ ვიმსჯელებთ მათი სხვა ოჯახებით ჩანაცვლებაზე,’’-ამბობს ჯონდო არაბიძე.

იმერეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ სარეიტინგო ქულების მინიჭება მათ მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით ხდება და თუ ნიკეას სოციალური საცხოვრისის რომელიმე ბენეფიციარის სარეიტინგო ქულამ მოიმატა, ამას მხოლოდ ბენეფიციარის მიერ შევსებული დეკლარაცია განსაზღვრავს.

,,რასაც აფიქსირებს ოჯახი, ის მონაცემები განსაზღვრავს სარეიტინგო ქულის ოდენობას. თუ ოჯახისთვის უცნობია რატომ ხდება ცვლილება, გამოითხოვს სხვადასხვა წელს შევსებული დეკლარაციები და შეადაროს ერთმანეთს. ჩვენ კონკრეტულ ბენეფიციარებზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით რატომ შეიცვალა მათი ქულა. შეუძლიათ თავად მოვიდნენ და გაარკვიონ,’’-ამბობს სოციალური მომსახურების იმერეთის სამმართველოს უფროსი, ნინო ჭიღლაძე.

ნიკეას სოციალური საცხოვრისი 2017 წელს აშენდა. მასში 82 ოჯახი, 440 ადამიანი ცხოვრობს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *