რიონის ხეობაში სახალხო დამცველი
multicat=36 ჩავიდა. ის საპროტესტო აქციების მონაწილეებს ხვდება. ნინო ლომჯარიას თქმით, გადაადგილების შეზღუდვა ხეობაში დაუსაბუთებელია, რადგან აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით რაიმე სახის მოწოდება არ ყოფილა.
“სამწუხაროდ, ვერც ადგილზე მყოფი პოლიციელებისაგან ვერ მივიღე განმარტება. მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მიღებული გვაქვს ინფორმაცია და აქ გამოყენებული ღონისძიებების სამართლებრივ მხარეს აუცილებლად შევისწავლით,”-განაცხადა ნინო ლომჯარიამ და განმარტა, რომ პოლიციის მხრიდან გამოყენებული შეზღუდვა არაპროპორციულია.
ნინო ლომჯარიას ასევე ჰესის მშენებელმა კომპანია “ენკამ” მიმართა განცხადებით, რომ მათი თანამშრომლების უფლებები ირღვევა, რაზეც ლომჯარიამ თქვა, რომ სახალხო დამცველი ვალდებულია ყველა მიმართვა შეისწავლოს. მისი თქმით, შესაბამისი რეაგირება კომპანიის მხრიდან ოფიციალური განცხადების მიღების შემდეგ მოხდება.
შეგახსენებთ, რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. პოლიციამ სოფელ გუმათთან ბლოკპოსტი შექმნა და აქტივისტებს არ ატარებს, რის გამოც სოფელში კიდევ ერთი კარავი გაიშალა.