2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმზე ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

 

საქართველო ამ დღეს უკვე მე-11 წელია აღნიშნავს. ამ თემასთან დაკავშირებით, ქართულ საზოგადოებას რომ ცნობიერების ამაღლება სჭირდება, ამას საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და აუტიზმის მქონე ადამიანებისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულებაც ადასტურებს. აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ოჯახებში არსებულ გამოწვევებზე და ამ ტიპის ბავშვების რეაბილიტაციის გზებზე რადიო ,,ძველ ქალაქს’’ ორგანიზაცია ,,ღია სახლის’’ ნეიროფსიქოლოგი ლილე ყაზაიშვილი ესაუბრა.

 

რა არის აუტიზმი და როდის ვლინდება ის?

აუტიზმი ნეოროგანვითარებადი დარღევაა, რომელიც ადრეულ ბავშვობაში, დაახლოებით, 2 წლამდე ასაკში ვლინდება.  ადრეული სკრინინგის შემთხვევაში, შესაძლოა, მანამდე გამოვლენაც. ძირითადი ნიშანი, რომელიც აუტიზმს ახასიათებს,  კომუნიკაციის დამყარების ნაკლებობაა. თუ ბავშვებს უჭირს ორმხრივი ურთიერთობების წამოწყება ან შენარჩუნება, არ ამყარებს თვალით კონტაქტს გარშემომყოფებთან, შესაძლოა, იყოს აუტიზმის მქონე, თუმცა, როგორც ლილე ყაზაიშვილი ამბობს, კომუნიკაციის დამყარების სირთულე შეიძლება გამოწვეული იყოს არა აუტიზმიდან, არამედ გონებრივი განვითარების შეფერხებიდან.

,,არის შემთხვევები, როცა აუტიზმის სტატუსის მქონე ბავშვის მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილი მათთან თვალით კონტაქტს ამყარებს და მას შეცდომით მიანიჭეს ეს სტატუსი. ამ შემთხვევაში უნდა დააკვირდნენ როგორ ამყარებს ბავშვი კონტაქტს, არის თუ არა კომუნიკაციის მიზანი ინტერესის ან ემოციების გაზიარება,’’-ამბობს ლილე ყაზაიშვილი.

აუტიზმის კიდევ ერთი შესაძლო ნიშანი მეტყველების შეფერხებაა. ხშირად ამ ტიპის ბავშვები აგვიანებენ საუბარს, უჭირთ დიალოგური მეტყველება, რაც აჩენს ეჭვს, რომ ბავშვი აუტისტია.

,,ზოგჯერ ბავშვმა არ იცის როგორ გამოხატოს სათქმელი სოციალურად მისაღები ფორმით, მაგალითად, იცის მანქანის სახელწოდება და ცალკე მას მანქანას ეძახის, მაგრამ როცა მანქანა უნდა, არ იცის როგორ თხოვოს ის დედას,’’-ამბობს ლილე ყაზაიშვილი.

კიდევ ერთი ნიშანი აკვიატებული ქცევებია. განმეორებადი, სტრეოტიპული ქცევა ან რუტინა აუტიზმის მქონე პირისთვის შეიძლება იყოს სიამოვნების წყარო და ყოველდღიურობასთან ადაპტირების საშუალება. აუტიზმის მქონე პირებს აქვთ სხვადასხვა აკვიატება. მათგან ყველაზე გავრცელებულია: კომპიუტერის, მატარებლების, ისტორიული თარიღების ან მოვლენების, მეცნიერების, კონკრეტული სატელევიზიო პროგრამების, მულტფილმის კონკრეტული გმირის, მანქანის ნომრების, რიცხვების, საათების, ფორმების და სხვა აკვიატებები. ასევე, კონკრეტულ ობიექტებზე და მათ ნაწილებზე მიჯაჭვულობა.

 

როგორ ხდება აუტიზმის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია?

ლილე ყაზაიშვილის თქმით, პირველ რიგში საჭიროა ბავშვის შეფასება, რათა გამოავლინონ კონკრეტულად რომელ უნარზე აქვს შეზღუდვა, რომელი უნარი აქვს მეტად განვითარებული და სჭირდება თუ არა მას ამ უნარის გამყარება.

,,ბავშვთან მიდგომები, სტრუქტურირებული ინსტრუმენტები და სტრატეგიები, რომლებსაც რეაბილიტაციისთვის ვიყენებთ, ამერიკული და ევროპული ორგანიზაციების მიერ არის შემუშავებული. სადაც ვხედავთ სუსტ მხარეს, იქ ვიწყებთ მუშაობას. ხდება ხოლმე როცა მშობელი ამბობს, რომ მის შვილს აქვს მეტყველების შეფერხება და კონკრეტულად ამ უნარის გამყარებაზე უნდა ვიმუშავოთ, მაგრამ ,შეიძლება, პირველ რიგში, საჭირო იყოს ქცევებზე მუშაობა და ამით დავიწყოთ. უშუალოდ რეაბილიტაციის პროცესში სხვადასხვა ტექნიკებს ვიყენებთ, მაგალითად, თუ ბავშვს აქვს თვალით კონტაქტის პრობლემა, მისი ინტერესებიდან გამომდინარე ვცდილობთ ყურადღების მიქცევას, ახედებას და ა.შ’’-ამბობს ნეიროფსიქოლოგი.

მისივე თქმით, ადრეული ჩარევის შემთხვევაში შესაძლოა აუტიზმი გადავიდეს აუტიზმის სპექტრში, რაც შედარებით იოლი ფორმაა, ეს ხდება სამი წლის შემდეგ.  არსებობს მსოფლიო მონაცემები, რომლის მიხედვითაც აუტიზმის მქონე ბავშვების 10-15 პროცენტს მოეხსნა ეს სტატუსი. ლილე ყაზაიშვილის თქმით, როგორც წესი აუტიზმი მაინც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვლინდება, მაგრამ შესაძლებელია მისი მაქსიმალური შემსუბუქება.

 

რამდენად ახდენს გავლენას საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, აუტიზმის მქონე ბავშვების განვითარებაზე?

ლილე ყაზაიშვილის თქმით, სტიგმა, რომლსაც საზოგადოება ამ ტიპის ბავშვებს უწესებს, მძიმედ აისახა ბავშვების მომავალზე.

,,აუტისტ ბავშვებს ხშირად აქვთ სენსორული ინფორმაციის გადამუშავების პრობლემა. გარკვეული ხმა, სუნი შეიძლება მათთვის გამაღიზიანებელი იყოს და იწვევდეს სტრესს. ამ დროს, შესაძლოა, ბავშვმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ინტენსიური ტირილი დაიწყოს. როცა დედა ცდილობს, შვილის ქცევა მართოს, ამ დროს საზოგადოება ეუბნება, რომ შვილს ის მისცეს, რაც უნდა, რათა ბავშვი გაჩუმდეს. არადა დედა ორიენტირებულია ქცევის გადალახვაზე, მაგრამ საზოგადოების დაბალი ცნობიერების გამო ხშირად წნეხის ქვეშ ექცევა. იყო შემთხვევა, როცა ჩვენს ცენტრში, მეზობლებს არ უნდოდათ რომ აუტისტი ბავშვები ეზოში შემოსულიყვნენ, იყო შეურაცხმყოფელი კომენტარები მათ მიმართ. საზოგადოებას გაზრდა სჭირდება,’’-ამბობს ლილე ყაზაიშვილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს საშუალოდ 10 %-ით იზრდება. საქართველოში ამის შესახებ  ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.

აუტიზმი მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოაჩინეს. იგი პროფესორმა ლეო კანერმა დააფიქსირა. მალე გამოიყო ნიშანთა ერთობლიობაც, რომლის არსებობის პირობებში აუტიზმის დიაგნოზი ისმება.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *