ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს საცხოვრისით სარგებლობის მინიმალურ ვადად ხუთი წლის ნაცვლად ორი წელი განესაზღვრებათ.
გადაწყვეტილება დღეს ქუთაისის საკრებულოზე იქნა მიღებული. როგორც მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯონდო არაბიძემ განმარტა, სოციალური მომსახურების სააგენტო ,როგორც წესი, ბენეფიციარებს ორ წელიწადში ერთხელ გადაამოწმებეს და თუ ამ პერიოდში რომელიმე ოჯახის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ისინი სხვა ოჯახებით უნდა ჩანაცვლდნენ. მაქსიმალური სარეიტინგო ქულა 110 ათასს შეადგენს.
,,თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა 110 ათასს გადააჭარბებს ის ვერ იცხოვრებს საცხოვრისში. ნიკეას საცხოვრისში 82 ოჯახი ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოში გაგზავნილი გვაქვს მიმართავა, გადმოგვცენ ბენეფიციარების სარეიტინგო ქულები, რათა ვიმოქმედოთ შესაბამისად. თუ რომელიმე ბენეფიციარი ისე დატოვებს საცხოვრისს, რომ ამის შესახებ არ გვაცნობებს, მაშინ მონიტორინგის ჯგუფის გადამოწმების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილებას, მათი სხვა ოჯახით ჩანაცვლებით,’’-ამბობს ჯონდო არაბიძე.
ასევე იგეგმება ახალი საცხოვრისის მშენებლობა, რომელიც გუგუნავას ქუჩაზე, ყოფილი ელექტრომატარებელი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსდება. იქ მცხოვრები 7 ოჯახის დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მერიის ინსფრასრტრუქტურის სამსახურმა დევნილთა სამინისტროს მიმართა.