საავტომობილო გზების დეპარტამენტში ქუთაისში, აღმაშენებლის
ქუჩის რეაბილიტაციაზე განაცხადეს, რომ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას გაფრთხილება მისცეს. რადიო “ძველი ქალაქისათვის” მოწოდებული ინფორმაციით, კომპანია “აკკორდმა” სამუშაოები თებერვლის მეორე ნახევრიდან პრობლემების გამო შეაჩერა, თუმცა, გზების დეპარტამენტში პრობლემის შინაარსი არ დაგვიკონკრეტეს. გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სამუშაოების შეჩერების მიზეზი დასაქმებულებისათვის ხელფასის არ გადახდა გახდა, დეპარტამენტში განგვიმარტეს, რომ გზების დეპარტამენტს შესრულებული სამუშაოების ღირებულება კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გადახდილი აქვს, ხოლო კომპანიასა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობა დეპარტამენტის კომპეტენციას სცდება.
“კომპანიას, დეპარტამენტის მხრიდან უკვე მიეცა შესაბამისი გაფრთხილებები და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები. ხოლო ამ სანქციების შემდგომაც თუ არ მოხდება ტემპის დაჩქარება განიხილება ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი. ამ ეტაპზე, კომპანია “აკკორდს” შესრულებული აქვს სამუშაოების დაახლოებით 20%. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს საპროექტო ცვლილებები. ეს დროებითი შეფერხებაც უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრება და სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება,”-აცხადებენ უწყებაში.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღმაშენებლის ქუჩაზე მოწყობილია ტროტუარები, ბორდიურები და ხელოვნური ნაგებობები, ასევე გზის გარკვეულ ნაწილზე დაგებულია პირველი ფენა ასფალტ-ბეტონის საფარი.
სამუშაოების ღირებულება 7.3 მლნ. ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული მდგომარეობა გუშინ კიდევ ერთხელ გახდა პროტესტის მიზეზი.