ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მორიგ
multicat=36 საპროტესტო აქციას გეგმავენ. მასშტაბური აქცია 28 თებერვალს, სოფელ ოფურჩხეთში გაიმართება. აქციის მონაწილეები კომპანია “ენკას” ოფისთან 13:00 საათზე შეიკრიბებიან.
მოთხოვნები უცვლელია. როგორც მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” წევრი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, მათი მთავარი მოთხოვნაა მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომელიც კომპანიისათვის მიწის გადაცემას მოიცავს, გაუქმდეს. მისივე განმარტებით, ადგილიდან გადატანილი ჯვარი უნდა დაბრუნდეს, ყველა სამშენებლო ნებართვა გაუქმდეს და კომპანია “ენკამ” ტერიტორია დატოვოს.
“28 თებერვალს ვემზადებით აქციისთვის. შევიკრიბებით როგორც ადგილობრივები, ასევე ადამიანები მთელი საქართველოდან. ვითხოვთ, შეჩერდეს მშენებლობა, რადგან მთელი რიონის ხეობა საფრთხეშია,”-ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
შეგახსენებთ, გუშინ სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთი პირი დააკავეს. ის ჯერ არ გაუთავისუფლებიათ.
მოსახლეობა რიონის ხეობაში ჰესების მშენებლობას თვეებია ეწინააღმდეგება და კარვებში ღამესაც ათევს.