108-ე ღამეა, რაც რიონის ხეობის მოსახლეობა კარვებში
ათენებს. ისინი ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ამ დრომდე ადგილობრივები მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ, თუმცა, 7 თებერვლის აქციის შემდეგ, მათი მოთხოვნების რაოდენობა გაიზარდა.
აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” უნდა გაუქმდეს. ასევე, ტერიტორიიდან აღებული ჯვარი თავის ადგილზე უნდა დააბრუნონ. აქციის მონაწილეების მოთხოვნებშია ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვისა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტის გაუქმებაც.
რიონის ხეობის მოსახლეობა აცხადებს, რომ ჰესის მშენებლობა მათს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. შეიცვლება კლიმატი და დაიტბორება სახლები, სახნავ-სათესი მიწები. ავარიის შემთხვევაში კი დატბორვა მთელ დასავლეთ საქართველოს ელის.
რიონის ხეობაში აქცია გამართა ადგილობრივების მეორე ჯგუფმაც, თუმცა, მათ საწინააღმდეგო მოთხოვნა აქვთ და ისინი ჰესების მშენებლობის გაგრძელებას ითხოვენ. მათი თქმით, მშენებლობა ხეობის გამოცოცხლების ერთადერთი შანსია.