რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა
წყალტუბოში, სოფელ ჟონეთში აქცია გამართა. ისინი ნამოხვანჰესის მშენებლობას მხარდაჭერას უცხადებენ და ტერიტორიაზე სამუშაოების განახლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იმ ადამიანების შიში, რომლებსაც ჰესის მშენებლობის ეწინააღმდეგებიან, უსაფუძვლოა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ახლა ისინი უყურადღებოდ არიან დარჩენილი, რაც ჰესის მშენებლობის შემდეგ გამოსწორდება.
“აქ ყველანი ადგილობრივები შევიკრიბეთ. ჩვენი მოთხოვნაა გაგრძელდეს მშენებლობა და ჩვენს ხეობას მიაქციონ ყურადღება. არც გზა გვაქვს, არც სამუშაო ადგილები, არანაირი ინფრასტრუქტურა. ვინც წინააღმდეგია, მათ თავისი მოსაზრება აქვთ, ჩვენ კი ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ. ვიღაც ერთი ადგა და იძახის, რომ 21-ე საუკუნეში აშენებული ჰესი გასკდება. ამხელა კომპანია ჩამოსულია, ამხელა თანხა იდება პროექტში და ვფიქრობ საფრთხე ნაკლებია. მშენებლობის შემდეგ ტურიზმი განვითარდება, სამუშაო ადგილები შეიქმნება, გზები იქნება,”-განაცხადა სოფელ გერჩში მცხოვრებმა, ოთარ ასათიანმა.
მოსახლეობის მეორე ნაწილი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება. ისინი კარვებში ღამეებს ათევენ და ამბობენ, რომ კომპანია “ენკას” სამუშაოების განახლების უფლებას არ მისცემენ. მათი აზრით, ნამოხვანჰესი მათს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.