ქუთაისის მერიამ ქალაქში “მზეჭაბუკის” ძეგლის
დასაბრუნებლად კომპანია უკვე შეარჩია. ტენდერში შპს “დეკორაციების და ქანდაკებების სახლმა” გაიმარჯვა. კომპანია თბილისშია რეგისტრირებული. შპს სამუშაოებს 78 960 ლარად შეასრულებს. ამ დროისათვის ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.
“მზეჭაბუკი” ქუთაისს 11 წლის შემდეგ უბრუნდება. ამ დრომდე ძეგლი თბილისში, ავტორის სახელოსნოში ინახება. ქუთაისის მერია დაბრუნებულ ძეგლს 9 აპრილის ქუჩაზე დადგამს. თანხაში ძეგლის ტრანსპორტირების, აღმართვის, კვარცხლბეკისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობის ხარჯები შედის.
პანდემიის პირობებში ძეგლის დაბრუნებას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. მოქალაქეთა ნაწილი მას გაუმართლებელი ხარჯად თვლიდა. ქუთაისის ახალი მერი, იოსებ ხახალეიშვილი ირწმუნება, რომ ქუთაისს მზეჭაბუკი ხალხის მოთხოვნით უბრუნდება და ბიუჯეტს საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ სოციალური პროექტებიც განხორციელდეს.
“მე ვფიქრობ, რომ ქუთაისში მზეჭაბუკის დაბრუნება მნიშვნელოვანი და აუცილებელი თემაა. ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ ინიციატივას. გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ხარჯები, რომელიც საჭიროა ძეგლის დასაბრუნებლად და აღმართვისათვის, არანაირად არ შეუშლის ხელს იმ პრობლემების გადაჭრას, რომელის განსაზღვრულია სოციალური თუ სხვა ტიპის პრობლემების მოგვარებისათვის,”-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, უფლებამოსილების განხორციელების პირველ დღეს.
მერაბ ბერძენიშვილის “მზეჭაბუკი” “დიდების მემორიალის” ნაწილი იყო და 2009 წელს მის აფეთქებამდე აიღეს. მის ადგილზე ქუთაისის პარლამენტის შენობა აშენდა.