კოვიდ 19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების
შემსუბუქებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო. განცხადება ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდება იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ეს იყო დაგეგმილი თავდაპირველად. ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე, ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ გაიხსნება ბაზრობები. იმუშავებენ მხოლოდ აგრარული ბაზრები რეგულაციების დაცვით. დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება, იმ შემთხვევაში თუ ისინი დაიცავენ ყველა იმ წესს, რომელიც არის დღეისთვის დადგენილი.
დაწესდება დამატებითი რეგულაციები. მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე. სავაჭრო სივრცეებში დაშვება მოხდება ნაკადების მკაცრი დაცვით. ფასდაკლებები უნდა გამოცხადდეს დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს. ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. ასევე მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1-ლი თებერვლის შემდეგ. სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით. ყველა სივრცეში დაცულიო უნდა იყოს სოციალური დისტანცია და უნდა მოიხმარდნენ პირბადეებს. რეგულაციების დაცვაზე პასუხისმგებლობა მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციას ეკისრება.
რესტორნები და კვების ობიექტები ფუნქციონირებას კვლავ გატანის სერვისით გააგრძელებენ.
ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. გამონაკლისი იქნება საახალწლო ღამესა და შობის ღამეს.
მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს ვიწრო საოჯახო წრეში აღნიშნონ დღესასწაული.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე