ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლა საახალწლო
სახელოსნოდ გადაკეთდა. ცენტრმა ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების დამზადება და გაყიდვა დაიწყო. ცენტრის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კოვიდ პანდემიის გამო დაწესებულებაში სწავლა შეჩერდა.
ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც 500-მდე ბავშვს ძირითადად სახელოვნებო მიმართულებით ასწავლიან, პანდემიის დროს სწავლა მარტის თვიდან შეწყდა. იმისათვის, რომ თანამშრომლებს, რომელთათვისაც ცენტრში მუშაობა შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო ანაზღაურება მიეღოთ, თავდაპირველად პირბადეების შეკერვა დაიწყეს და რთული პერიოდი ამ გზით გადალახეს.
“ძალიან ფრთხილად და შესაბამისი წესებით უნდა მომხდარიყო ჩვენს სფეროზე ინსტრუქციების გაცემა, რამაც უამრავი ადამიანი არამხოლოდ ჩვენს ცენტრში, მის გარეთაც შემოსავლის გარეშე და უფუნქციოდ დატოვა. ახლა ვცდილობთ ახალი სტარტაპით შევძლოთ ფანდრაიზინგი და კიდევ ერთხელ ვაქციოთ გამოწვევა და პრობლემა შესაძლებლობად,”-განაცხადა ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალი პატარიძემ.
ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არაფორმალური განათლება და კერძოდ სახელოვნებო დარგების სწავლების სპეციფიკა ამ დრომდე არ შემუშავებულა. მოსწავლეებს ახლა 9 თვიანი წყვეტა აქვთ. სახელოვნობო მიმართულებები კი ლოქდაუნის გაუქმების შემდეგ მარტივად ვერ რეაბილიტირდება, ვერც ონლაინ სწავლება ამართლებს.
“ონლაინ ძალიან რთულია სასწავლო პროცესის წარმართა, რადგან სფეროს სფეციფიურობიდან გამომდინარე ძირითადად სასწავლო პროგრამა პრაქტიკულ მეცადინეობაზეა აგებული, რაც არ არის ეფექტის მომტანი ონლაინ სწავლების დროს. სახელოვნებო სფეროს პროგრამის ათვისება ექსტერნად არ ხდება, ეს გულისხმობს მუდმივ რუტინულ ყოველდღიურ მუშაობას რომ შესაბამისი პროფესიული ჩვევა ჩამოყალიბდეს,”-ამბობს ნატალი პატარიძე.
პანდემიის გამო ყველა სასწავლო დაწესებულებამ მუშაობა შეაჩერა. გაჩერდა საბავშვო ბაღები, ხოლო სკოლები სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.