3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვის დღეა.
შეზღუდული შესაძლებლობა რომ არსებობს, დღეს ამაზე არავინ დაობს, მაგრამ არსებობს შეზღუდული გარემო, რომელიც ადამიანების სოციალიზაციასა და ადაპტაციას ართულებს. ქუთაისში გაჩერებებსა და დაწესებულებების უმეტესობას დღემდე არ აქვს პანსდუსი, ან აქვს, მაგრამ ამორტიზებული; გაჩერებებზე არ არის ხმოვანი სიგნალები და ტიტრები, რაც უსინათლოთა და სმენადაქვეითებულთა დამოუკიდებლად გადაადგილებას აფერხებს. არაადაპტირებულ გარემოს მძიმე სოციალური პირობებიც ემატება. ამ ყველაფრის ფონზე, 21-ე საუკუნეში, შშმ პირთა ცხოვრება ისევ პრობლემებითაა სავსე.
ნათია ჩიხლაძე 8 წელია, რაც ეტლით მოსარგებლეა. 8 წლის წინ, როცა მძიმე რეალობას თვალებში ჩახედა, ის პრობლემები დაინახა, რასაც უამრავი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ყოველდღიურად აწყდება. ამბობს, რომ სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, რთულია შეამჩნიო ყველა ის დაბრკოლება, რის გადალახვაც შშმ პირებს უწევთ. იმის გამო, რომ ქუთაისში კერძო და საჯარო დაწესებულებების უმეტესობას პანდუსი არ აქვს, ნათია, სხვა შშმ პირების მსგავსად, სხვების დახმარების იმედადაა, თუმცა სხვისი დახმარებაც გარკვეულ საფრთხეს უქმნის, რადგან საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დახმარების უნარ-ჩვევას არ ფლობს.
,, შეიძლება ვინმე კეთილი ადამიანი გამოჩნდეს და მითხრას, რომ დამეხმარება, მაგრამ არ იცოდეს როგორ მოკიდოს ეტლს ხელი. როცა დახმარებას მთვაზობენ, შიშის თვალებით ვუყურებ, რადგან შეიძლება ამომაყირავონ და უარესი ზიანი მომაყენონ, ყველა შშმ პირს პერსონალური ასისტენტი სჭირდება, ” – აღნიშნავს ნათია.
მართალია ქუთაისში ადაპტირებული ტრანსპორტი გამოჩნდა, მაგრამ გაჩერებების ადაპტირება ისევ პრობლემად რჩება, რის გამოც შშმ პირებისთვის, ფაქტობრივად, არაფერი იცვლება.
,, ტრანსპორტის ადაპტირებას რა აზრი აქვს, თუ გაჩერებამდე ვერ მივედი? ” – სვამს კითხვას ნათია.
გადაადგილების პრობლემას სოციალური გასაჭირი ემატება. ნათია იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს და ახლა თავისი პენსიის იმედადაა. ის ერთ-ერთ ორგანიზაციაში შშმ პირთა სოციალურ ასისტენტად მუშაობდა. 250 ლარი არაფერში ჰყოფნის, როგორც აღნიშნავს, ოჯახის წევრები ეხმარებიან, თუმცა არიან ისეთი შშმ პირებიც, რომლებსაც არავინ ჰყავთ და 250 ლარით თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვთ.
,, თვეში ერთხელ ან ორ თვეშ ერთხელ მაინც ჰიგიენური საშუალებებით რომ დაგვეხმარონ, დიდი შეღავათი იქნება ჩვენთვის, მძიმე მდგომარეობაში ვართ,” – აღნიშნა ნათია ჩიხლაძემ.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი, გიორგი გიორგობიანი აცხადებს, რომ გაჩერებებს ადაპტირება მოხდება, თუმცა როდის, ამას ვერ აკონკრეტებს.
2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, 2021 წლიდან 2035 წლამდე ყველა საჯარო დაწესებულება პანდუსით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
2035 წლამდე დიდი დროა. სანამ 14-წლიანი გეგმა შესრულდება, მანამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს დახმარების თხოვნა ისევ სხვებისთვის მოუწევთ, სხვებისთვის, რომლებიც არავინ იცის, გაუწევენ თუ არა მათ სათანადო დახმარებას.