ყოფილმა თანამშრომლებმა ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციას
სამართლებრივი დავა მოუგეს. გადაწყვეტილება ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. სასამართლომ მამუკა გელაშვილის, სოსო ტაბატაძისა და გიორგი სახვაძის სარჩელი დააკმაყოფილა.
პროფკავშირების ინფორმაციით, საქმის განხილვის დროს დადგინდა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან. სასამართლომ კორპორაციას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დააკისრა სოლიდური კომპენსაციების გადახდა.
“სამივე დასაქმებული აქტიურ პროტესტს გამოთქვამდა შრომითი პირობების გამო და მდგომარეობის გაუმჯობესებას მოითხოვდა 2019 წელს. მაშინ პროტესტი დასრულდა შეთანხმებით, თუმცა დამსაქმებელმა სხვადასხვა მოგონილი მიზეზებით გაათავისუფლა სამსახურიდან პროტესტში მონაწილე პირები, მათ შორის მოსარჩელეები,”-ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.