ქუთაისში, აღმაშენებლის 112/3 კორპუსში, თვეებია ლიფტი არ მუშაობს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის, ვეფხია მიქაუტაძის განმარტებით, ლიფტები იმდენად დაზიანებულია, რომ ვერ სარგებლობენ.

„სასწრაფოს ექიმების გამოძახება გახდა საჭირო მაღალ სართულზე და ვერ ავიდნენ. მიმდინარე წლის თებერვლის მერე ლიფტი არ მუშაობს“-განმარტავს ვეფხია მიქაუტაძე. ის კომპანია „დიზაინ კომპლექსს“ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოში ადამაშაულებს.

 

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის თქმით, 2017 წელს ,,დიზაინ კომპლექსის’’ მიერ დამონტაჟებული ორი ლიფტიდან მხოლოდ ერთი მუშაობდა და ისიც ხშირად ფუჭდებოდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ კომპანიამ თანხები გაფლანგა.

 

,,2017 წლიდან კორპუსში საშინელი ვითარებაა. 14-სართულიან ბინაში როგორია ლიფტი რომ არ მუშაობს. თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს იმერეთის საგამოძიებო დეპარტამენტს მივმართეთ, რაზეც პასუხად მივიღეთ, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. შემდეგ მერიას მივწერეთ, მათ ლიფტების კომპანიასთან გადაგვამისამართეს. ლიფტების კომპანიამ ხარჯი დაიანგარიშა და გვითხრა, რომ 36 ათასზე მეტი დაგვჭირდებოდა ლიფტის შესაკეთებლად. წარმოგიდგენიათ რა თანხები გაფლანგა „დიზაინ კომპლექსმა“, სად წაიღო ეს 36 ათასი? ” – კითხვას სვამს ვეფხია მიქაუტაძე.

 

,, დიზაინ კომპლექსის” მენეჯერის, თორნიკე კირკიტაძის თქმით, 2017 წელს კომპანიის მიერ დამონტაჟებული ორივე ლიფტი კარგად მუშაობდა. მისი ინფორმაციით, კომპანიას მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ვალდებულება გაფუჭების შემთხვევაში ლიფტი მოეწესრიგებინა. რაც შეეხება ბრალდებას სამუშაოების უხარისხოდ შესრულებასთან დაკავშირებით, თორნიკე კირკიტაძე განმარტავს, რომ ლიფტები დროთა განმავლობაში შეკეთებას საჭიროებენ და მისი გაფუჭება იმას არ ნიშნავს, რომ უხარისხოდაა დამონტაჟებული.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *