ქუთაისში, წერეთლის ქუჩის მცხოვრებლები საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობას აპროტესტებენ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, საკანალიზაციო მილი დაზიანებულია, იგი ღიად მიედინება და მდინარე რიონში ჩადის, რის გამოც უბანში საშინელი სუნი დგება.
,, მილია ჩამოვარდნილი, ბევრი არაფერი სჭირდება მის შეკეთებას, ამ ღია მილში არსებული კანალიზაციის წყლით მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები ირწყება და ფაქტობრივად, აქედან მოყვანილ მოსავალს ვჭამთ” – ამბობს ადგილობრივი მკვიდრი, გია ძამუკოვი.
პრობლემაზე საუბრობენ როგორც კერძო სახლების, ასევე კორპუსის მცხოვრებლები. წერეთლის N 276 კორპუსის მცხოვრებლების თქმით, საკანალიზაციო არხების გაუმართაობის გამო კანალიზაცია სარდაფებში ჩაედინება, რის გამოც კორპუსი ანტისანიტარიის კერადაა ქცეული.
,, ისეთი სუნია, ფანჯრებს ვერ ვაღებთ. სადაბრბაზოში აუტანელი სუნია. აღარ შეგვიძლია მეტი. ყოველ არჩევნებზე გვპირდებიან, რომ პრობლემას მოაგვარებენ, მაგრამ დღემდე ამ დღეში ვართ,” – ამბობს ადგილობრივი მკვიდრი, ნაზი მიქაშავიძე.
ადგილობრივები პრობლემის დროულ მოგვარებას ითხოვენ.